აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იწყებს საპილოტე პროგრამას, რომელიც გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებისთვის, ტურისტული (B-1) და საქმიანი (B-2) ვიზების მისაღებად, 15 000 აშშ დოლარამდე გირაოს შემოღებას ითვალისწინებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
პროგრამა აშშ-ის საკონსულოების თანამშრომლებს აძლევს დისკრეციულ უფლებამოსილებას, გირაო დააწესონ ვიზიტორებისთვის იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც ვიზების ვადის გადაცილების მაღალი მაჩვენებელი უფიქსირდებათ, რომელთა სკრინინგის და შემოწმების ინფორმაცია არასრულყოფილად მიიჩნევა, ან რომლებიც მოქალაქეობას ინვესტიციის საფუძველზე გასცემენ.
„საპილოტე პროგრამა ასევე დიპლომატიურ ინსტრუმენტად იქცევა, რათა წაახალისოს უცხო ქვეყნების მთავრობები, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა მოქალაქე საფუძვლიანად შემოწმდეს ვინაობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით, შექმნან დაცვის მექანიზმები ინვესტიციით მოქალაქეობის მინიჭების პროგრამებში და უზრუნველყონ თავიანთი მოქალაქეების დროული გამგზავრება შეერთებული შტატებიდან დროებითი ვიზიტების შემდეგ“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 8 აგვისტოს გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.
ჯერჯერობით უცნობია, რომელ ქვეყნებზე გავრცელდება ახალი წესი. ქვეყნების სია პროგრამის ძალაში შესვლამდე გამოქვეყნდება.
საკონსულოს წარმომადგენლები განმცხადებლებს გირაოს სამ ვარიანტს შესთავაზებენ - 5000 დოლარის, 10 000 დოლარის ან 15 000 აშშ დოლარის ოდენობით. გირაოს თანხა ვიზის გაცემამდე უნდა იყოს გადახდილი და ის განმცხადებელს დაბრუნდება, თუ დროულად, ვიზების პირობების შესაბამისად, დატოვებს შეერთებულ შტატებს.
„საკონსულოს თანამშრომლები ვალდებულნი იქნებიან, გირაოს ოდენობა 10 000 აშშ დოლარის ოდენობით განსაზღვრონ, თუ თანამშრომელს არ აქვს საფუძველი იფიქროს, რომ ვიზის განმცხადებლის გარემოებები ხელს შეუშლის მას ამ თანხის გადახდაში (თუმცა მაინც ექნება საკმარისი სახსრები შეერთებულ შტატებში ყოფნის დროს მგზავრობის ყველა ხარჯის დასაფარად). ამ შემთხვევაში გირაო 5000 აშშ დოლარის ოდენობით განისაზღვრება“, - აღნიშნულია ოფიციალურ დოკუმენტში.
პროგრამა შეტყობინების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის შემდეგ ამოქმედდება და 2026 წლის აგვისტომდე გაგრძელდება.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შემოთავაზებული პროგრამა მიზნად ისახავს იმ ვიზიტორების რაოდენობის შემცირებას, რომლებიც ვიზების ვადის გასვლის შემდეგ აშშ-ში რჩებიან.
