აშშ-ში, საიმიგრაციო საპატიმროში საქართველოს მოქალაქე მამუკა ართმელაძე გარდაიცვალა

ლუიზიანას შტატში, აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) საპატიმროში, 43 წლის საქართველოს მოქალაქე მამუკა ართმელაძე გარდაიცვალა. ართმელაძე, რომელიც აშშ-ში მძღოლად მუშაობდა, დაკავების ცენტრში ოთხი თვის განმავლობაში იმყოფებოდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ოფიციალური ინფორმაციით, 2026 წლის 4 ივნისს, ღამის 22:37 საათზე, ართმელაძე საპატიმროს საკანში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. დაწესებულების პერსონალმა დაუყოვნებლივ გაუწია პირველადი სამედიცინო დახმარება და სიცოცხლის გადარჩენის ღონისძიებები დაიწყო. მოგვიანებით, იგი სასწრაფო დახმარების მანქანით უინის ოლქის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა რეანიმაციული პროცედურები გააგრძელეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა - 23:22 საათზე მამუკა ართმელაძის გარდაცვალება ოფიციალურად დადასტურდა.

ამ დროისთვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია. გამოძიება ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.

ICE-ის განცხადებით, მამუკა ართმელაძე აშშ-ის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებოდა. აშშ-ის სასაზღვრო პატრულმა ის პირველად 2022 წლის 25 სექტემბერს დააკავა, რის შემდეგაც პირობით გაათავისუფლა და ICE-ის ოფისში პერიოდულად გამოცხადება დაავალდებულა.

მისი ხელახალი დაკავება მიმდინარე წლის 5 თებერვალს, ალაბამას შტატში, ქალაქ ფაკლერთან მოხდა. დაკავება განხორციელდა სპეციალური ოპერაციის ფარგლებში, რომელიც კომერციული სატრანსპორტო საშუალებების იმ მძღოლების გამოვლენას ისახავდა მიზნად, რომლებიც, ოფიციალური ვერსიით, „საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის“ რისკს წარმოადგენენ. მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ ართმელაძეს აშშ-ში ლეგალურად ყოფნის სტატუსი არ ჰქონდა, იგი საიმიგრაციო პატიმრობაში გადაიყვანეს.

საიმიგრაციო სააგენტოს ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია საქართველოს გენერალური საკონსულო და გარდაცვლილის ოჯახი.

ICE-ში აცხადებენ, რომ საპატიმრო დაწესებულებაში დაცულია პატიმართა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო სტანდარტები. მამუკა ართმელაძის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ საიმიგრაციო პოლიტიკის კრიტიკა გამოიწვია.

ტელეკომპანია ABC News-ის ცნობით, ეს შემთხვევა დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის მიმდინარე პერიოდში ICE-ის საპატიმროებში დაფიქსირებული 50-ე ლეტალური შემთხვევაა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.