თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე მაკა გველესიანმა, რომელიც 2017 წლიდან უვადოდ იყო გამწესებული, თანამდებობა დატოვა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრაციაში წავიდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ ტელეკომპანია „პირველს“ განუცხადა, რომ საბჭომ მაკა გველესიანს უფლებამოსილება მისი განცხადების საფუძველზე უკვე შეუწყვიტა.
„საბჭოს მიმართა წერილით, ჩვენ დავუკავშირდით და დაგვიდასტურა, რომ წავიდა, განცხადებაში დაწერა, რომ პირადი, ოჯახური პირობების გამო და ნებაყოფლობით… ადამიანი იცვლის ხოლმე სამსახურს, ერთი სამსახურიდან გადადის მეორეში, გადადის საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში. შესაბამისად, მან დაწერა განცხადება, მიმართა იუსტიციის საბჭოს, მოითხოვა, რომ მოეხსნათ უფლებამოსილება. მან დაადასტურა თავისი განცხადების სისწორე და შეუწყდა უფლებამოსილება“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.
მურუსიძის თქმით, მოსამართლეებს „აუტანელ პირობებში“ უწევთ მუშაობა, რაზეც ის პასუხისმგებლობას მედიას აკისრებს.
„ჩვენ შეურაცხყოფას არ გვაყენებთ თქვენი ლაპარაკით? აუტანელ პირობებში არ უწევთ მოსამართლეებს მუშაობა? ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე წნეხში რომ ატარებთ მოსამართლეებს, სტრესს რომ განიცდიან და არავის არ უნდა რეალურად მუშაობა. კონკურსი გამოვაცხადეთ და განცხადებებიც არ არის შემოტანილი - 80 ვაკანსიაზე 20 განცხადება იყო შემოტანილი, ისიც უმეტესობა სასამართლო სისტემიდან. ჩემზე, პირადად, ძალიან დიდი ზეწოლა ხორციელდება. [ქვეყნიდან წასვლაზე] რა თქმა უნდა, როგორ არ მიფიქრია. ხშირად მიფიქრია... მაგრამ, საბოლოო ჯამში, იმდენი რამე გააკეთეთ, რომ არ ღირს თქვენი გულისთვის სასამართლო სისტემა მივატოვო“, - აღნიშნა მურუსიძემ.
მაკა გველესიანი პირველი მოსამართლე არ არის, ვინც ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრაციაში წავიდა. 2021 წლის აპრილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის უვადოდ გამწესებული მოსამართლე მაია სვიანაძე აშშ-ში შვებულებაში გაემგზავრა და იქ დარჩა. როგორც ყოფილმა მოსამართლემ განმარტა, სასამართლო სისტემიდან მისი წასვლა კონკრეტულ საქმესთან ან პოლიტიკურ ზეწოლასთან დაკავშირებული არ ყოფილა. „მე მყავს ერთადერთი შვილი და ორი შვილიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში და სწორედ ეს გახდა გადაწყვეტილების მიღების ძირითადი მიზეზი. რა თქმა უნდა, ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემთვის ოჯახი ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი თანამდებობა“, - თქვა სვიანაძემ, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, უვადოდ ასევე 2017 წლიდან იყო გამწესებული.
