ტრამპმა მწვანე ბარათის გათამაშების პროგრამა შეაჩერა

დონალდ ტრამპი და კრისტი ნოემი

როდ აილენდში, ბრაუნის უნივერსიტეტში მომხდარი სროლის შემდეგ, აშშ-მა მრავალფეროვნების საიმიგრაციო ვიზის პროგრამა, იგივე მწვანე ბარათის ლატარია შეაჩერა. როგორც შიდა უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა განაცხადა, თავდამსხმელი აშშ-ში აღნიშნული პროგრამით შევიდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ბრაუნის უნივერსიტეტში 13 დეკემბერს მომხდარი სროლის შედეგად ორი სტუდენტი დაიღუპა და სულ მცირე რვა დაიჭრა. მსროლელი 48 წლის პორტუგალიელი კლაუდიო ნევეშ ვალენტეა, რომელიც ამავე უნივერსიტეტში 25 წლის წინ დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად სწავლობდა. ვალენტე ასევე ეჭვმიტანილია მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორის მკვლელობაში, რომელიც სროლიდან ორი დღის შემდეგ მოხდა. თავდამსხმელის მოტივი უცნობია. მისი ცხედარი ნიუ ჰემფშირში, საწყობში იპოვეს.

კრისტი ნოემის ინფორმაციით, კლაუდიო ვალენტე შეერთებულ შტატებში საიმიგრაციო ვიზის პროგრამით 2017 წელს მოხვდა და მწვანე ბარათი მიიღო.

„ეს საშინელი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში ვერასდროს უნდა შემოსულიყო“, - აღნიშნა კრიტი ნოემმა და დასძინა, რომ DV1 პროგრამის დასრულებისთვის ბრძოლა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველი ვადაში დაიწყო მას შემდეგ, რაც „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტმა ნიუ-იორკში სატვირთო მანქანით რვა ადამიანი მოკლა. ნოემის თანახმად, სატვირთოს მძღოლმაც ამ პროგრამით ისარგებლა.

„პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, მე დაუყოვნებლივ მივმართე შეერთებული შტატების მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურს, შეაჩერონ DV1 პროგრამა, რათა გარანტირებული იყოს, რომ ამ კატასტროფული პროგრამით არცერთი ამერიკელი არ დაზარალდება“, - წერს ნოემი პლატფორმა X-ზე.

DV1 ვიზის პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად 55 000-მდე მწვანე ბარათი იყო ხელმისაწვდომი იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, საიდანაც შეერთებულ შტატებში იმიგრაციის დაბალი მაჩვენებელია. პროგრამაში მონაწილეობა უფასოა, გამარჯვებულებს კი სახელმწიფო დეპარტამენტი შემთხვევითობის პრინციპით ავლენს. 2025 წლის მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობა თითქმის 20 მილიონმა ადამიანმა მიიღო, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ.

DV1 პროგრამა კონგრესმის მიერაა შექმნილი. მოსალოდნელია, რომ მისი შეჩერების გადაწყვეტილება გასაჩივრდება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.