აშშ-მ ტანკერ Marinera-ს ქართველი კაპიტანი დიდი ბრიტანეთის ტერიტორიიდან გაიყვანა

BBC-ის ცნობით, ეკიპაჟის 5 წევრი მალე შოტლანდიიდან აშშ-ში გაფრინდება, დანარჩენები კი საკუთარ ქვეყნებში დაბრუნდებიან

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიმდინარე თვეში დაკავებული, ვენესუელასთან დაკავშირებული ნავთობტანკერის კაპიტანი, საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კალანდაძე ბრიტანეთის ტერიტორიული წყლებიდან გაიყვანეს და ამჟამად აშშ-ის სანაპირო დაცვის გემზე იმყოფება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

აშშ-ის სანაპირო დაცვამ და აშშ-ის სამხედრო სპეცრაზმმა 7 იანვარს, ისლანდიასთან ახლოს, ატლანტის ოკეანეში, ორკვირიან დევნის შემდეგ, ვენესუელადან ნავთობის ტრანსპორტირებაში ეჭვმიტანილი რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი „მარინერა“ (Marinera) დააკავა. აშშ-ის ცნობით, ტანკერი, რომელიც თავდაპირველად „ბელა 1“-ის (Bella 1) სახელით იყო ცნობილი, ცარიელი იყო, თუმცა ადრე ვენესუელური ნავთობის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებოდა. დაკავების შემდეგ, ტანკერი შოტლანდიის სანაპიროზე გადაიყვანეს.

კაპიტნის მეუღლის ნათია ძაძამიას ადვოკატმა, ამერ ანვარმა განაცხადა, რომ სამართლებრივი მცდელობების მიუხედავად, ავთანდილ კალანდაძე და მისი პირველი თანაშემწე, შოტლანდიის იურისდიქციიდან გაიყვანეს. ისინი აშშ-ის სანაპირო დაცვის Munro-ზე იმყოფებიან.

კაპიტანი ავთანდილ კალანდაძე და მისი მეუღლე ნათია ძაძამია

ამერ ანვარმა თქვა, რომ 26 იანვარს, ორშაბათს, შოტლანდიის სასამართლომ გამოსცა დროებითი ბრძანება, რომელიც სასამართლო პროცესის დასრულებამდე კაპიტნის გაძევებას კრძალავდა, თუმცა ეს ბრძანება სამშაბათს დილით გაუქმდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ შეიტყო, რომ რომ კალანდაძე უკვე ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებს გარეთ იმყოფებოდა.

„ჩვენი კლიენტის საქმის განხილვა აღარ შეიძლება, რადგან მისი ქმარი, აშშ-ის მთავრობამ ფაქტობრივად გაიტაცა“, - თქვა ადვოკატმა.

მისივე განცხადებით, ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, რაც გემი შოტლანდიის ტერიტორიულ წყლებში იმყოფებოდა, ხელისუფლებამ არ გადადგა არანაირი ეფექტური ნაბიჯი თავისი იურისდიქციის დასამტკიცებლად ან ბორტზე მყოფთა კანონიერი უფლებების დასაცავად.

BBC წერს, რომ გემის ეკიპაჟის დარჩენილმა 26-მა წევრმა - რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთიდან, ინდოეთიდან, საქართველოდან და უკრაინიდან არიან - დიდი ბრიტანეთის ნებაყოფლობით დატოვება მოითხოვეს. მათგან ხუთს შოტლანდიიდან აშშ-ში, ხოლო დანარჩენებს - საკუთარ ქვეყნებში გაამგზავრებენ.

აშშ ტანკერ „მარინერას“ სანქციების დარღვევაში ადანაშაულებს, რადგან ვენესუელასთვის, რუსეთისა და ირანისთვის განკუთვნილი ნავთობი გადაჰქონდა. მისი დაკავება აშშ-ის ფედერალური სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე მოხდა.

9 იანვარს, ტანკერის დაკავებიდან მალევე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „მიიღო გადაწყვეტილება „მარინერას“ ეკიპაჟიდან რუსეთის ორი მოქალაქის გათავისუფლების შესახებ“. თუმცა, 24 იანვარს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა თქვა, რომ ჯერ კიდევ არ აქვთ „ნათელი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის შეასრულებს ამერიკული მხარე საბოლოოდ თავის დაპირებას“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.