აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და „ქართული ოცნებიდან“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

მოგვიანებით საუბრის შესახებ ინფორმაცია ირაკლი კობახიძემაც გაავრცელა და მას „ნაყოფიერი“ უწოდა:

„ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. ხაზი გავუსვით პარტნიორობის განახლებისა და საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიაში ძლიერი პარტნიორის როლის გაძლიერების მნიშვნელობას. ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველო–აშშ-ის კავშირების განმტკიცებისა და რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის მიმართ“, – დაწერა კობახიძემ X-ზე.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 30 ნოემბერს აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების 2028 წლის ბოლომდე შეჩერების შესახებ. მაშინ სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავდა:

„ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მთავარი პრინციპები, რომელიც ეფუძნებოდა საერთო ღირებულებებსა და ვალდებულებებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შედეგად, შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა ეს მექანიზმი“.

აღსანიშნავია, რომ რუბიოსა და კობახიძის საუბრამდე ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, რომელთა ფარგლებშიც 2024 წლის 27 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილიც დასანქცირდა (№14024 აღმასრულებელი განკარგულება).

აშშ-ის პრეზიდენტის 2026 წლის 24 მარტით დათარიღებულ შეტყობინებაში, რომელიც კონგრესს გადაეგზავნა, ნათქვამია:

„რუსეთის ფედერაციის მთავრობის გარკვეული საზიანო საგარეო საქმიანობა, კერძოდ, მცდელობები, ძირი გამოუთხაროს თავისუფალ და სამართლიან დემოკრატიულ არჩევნებსა და ინსტიტუტებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მის მოკავშირეებსა და პარტნიორებში; ჩაებას და ხელი შეუწყოს ბოროტგანზრახულ კიბერ-საქმიანობას; გამოიყენოს ტრანსნაციონალური კორუფცია უცხო ქვეყნის მთავრობებზე ზეგავლენის მოსახდენად; განახორციელოს ექსტრატერიტორიული საქმიანობა დისიდენტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ; საფრთხე შეუქმნას უსაფრთხოებას იმ ქვეყნებსა და რეგიონებში, რომლებიც მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის; და დაარღვიოს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები, მათ შორის სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, კვლავ წარმოადგენს უჩვეულო და განსაკუთრულ საფრთხეს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკისთვის. შესაბამისად, მე დავადგინე, რომ აუცილებელია №14024 აღმასრულებელი განკარგულებით გამოცხადებული ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება რუსეთის ფედერაციის მთავრობის ამ გარკვეულ მავნე საგარეო საქმიანობასთან დაკავშირებით“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.