ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენეთა პალატამ, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ კანონპროექტს, 311 ხმით 112-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
კანონპროექტი უკრაინისთვის თითქმის 61 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ტელეკომპანიას CCN-ის ინფორმაციით, ამ თანხიდან დაახლოებით 23 მილიარდი განკუთვნილია ამერიკული იარაღის მარაგის შესავსებად, 11 მილიარდი - რეგიონში აშშ-ის ოპერაციების დასაფინანსებლად, დაახლოებით 14 მილიარდი კი უკრაინისთვის თანამედროვე იარაღისა და თავდაცვის სისტემების შესაძენად. გარდა ამისა, კანონპროექტი მოიცავს ისრაელისა და ტაივანისთვის 26 მილიარდი დოლარის დახმარებას.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესის წევრებსა და სპიკერს, მაიკ ჯონსონს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებაა, რომელსაც იგრძნობენ ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცები და ასევე, უკრაინული სოფლები და ქალაქები, რომლებიც „რუსულ ტერორს“ განიცდიან. „ამერიკის მხარდაჭერას ამ ომის სამართლიანი დასასრულისთვის გამოვიყენებით, ომისა, რომელიც პუტინმა უნდა წააგოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
კონგრესის გადაწყვეტილებას რუსეთის ხელისუფლებაც გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ საგარეო დახმარების პაკეტი „გლობალურ კრიზისს გაამწვავებს“. გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველი მოადგილის დიმიტრი პოლიანსკის განცხადებით, ახალი სამხედრო დახმარება „კიევის რეჟიმის დასასრულს“ თავიდან ვერ აიცილებს.
კონგრესის ქვედა პალატა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის საკითხს რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის უთანხმოების გამო გასული წლის შემოდგომის შემდეგ ვერ ამტკიცებდა. 20 აპრილს კანონპროექტმა დემოკრატების ერთსულოვანი მხარდაჭერა მიიღო, მაშინ, როდესაც რესპუბლიკელების ხმები გაიყო. 23 აპრილს დოკუმენტს სენატში დაამტკიცებენ, რის შემდეგაც მას ხელს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოაწერს.
BBC-ის ცნობით, ერთი კვირის წინ უკრაინის არმიის მეთაურმა, გენერალმა ალექსანდრ სირსკიმ თქვა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთით, ბრძოლის ველზე ვითარება „მნიშვნელოვნად გაუარესდა“. გენერლის განცხადებით, ახალი დახმარებისა და დახვეწილი იარაღის გარეშე, უკრაინა ვერ შეძლებს „სტრატეგიული ინიციატივის წართმევას“ რიცხობრივი უპირატესობის მქონე რუსეთის ძალებისთვის. BBC წერდა, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს 1200 კილომეტრიან ფრონტის ხაზზე არასაკმარისი რაოდენობის საბრძოლო მასლა აქვთ და უწევთ საარტილერიო ჭურვების გამოზოგვა.
მარტის ბოლოს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი მორიგი დიდი შეტევითვის ემზადება და მის განხორციელებას მაისის ბოლოს ან ივნისში აპირებს.
