აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში „საქართველოს ანტიამერიკულ შემობრუნებაზე“ მოსმენა გაიმართა

ფოტო © Bakhti Nishanov / X

ვაშინგტონში, აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში გაიმართა მოსმენა თემაზე „პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული შემობრუნება“. კომისია აცხადებს, რომ საქართველოს, რომელიც ოდესღაც შეერთებული შტატების „მთავარი პარტნიორი და კავკასიაში თავისუფლების შუქურა“ იყო, „ქართული ოცნება“ რუსეთის ორბიტაზე აბრუნებს.  

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ჰელსინკის კომისიაში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, თინა ხიდაშელსა და ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევარს, ლუკ კოფის მოუსმინეს.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში სიტუაცია უკიდურესად რთულია დემოკრატიული უფლებებისა და თავისუფლებების თვალსაზრისით.

„მე დღეს აქ ასევე წარმოვადგენ იმ ხალხს, რომლებიც დღეს ციხეში სხედან და სიმბოლურად, მინდა ვახსენო მზია ამაღლობელი, როგორც ჟურნალისტი, როგორც ქალი, რომელიც სრულიად უსაფუძვლოდაა ციხეში. ყველა ამ ადამიანისთვის ვარ აქ, რათა ვისაუბრო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებზე, გავიხსენო, რომ 30 წელზე მეტი აშშ მხარში ედგა საქართველოს, რათა დაგვხმარებოდა დამოუკიდებელი, სტაბილური, პროდასავლური, რეფორმებზე ორიენტირებული სახელმწიფოს აშენებაში, რომელსაც დღეს ვკარგავთ. მან საქართველოში ჩადო ბევრი რესურსი - ფინანუსრი, ადამიანური და ეს იყო არა მხოლოდ საჩუქარი, არამედ ერთგულება საქართველოს თავისუფლების, საქართველოს უსაფრთხოებისა და ევროპული მომავლისადმი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს, პირველად სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, საქართველოს მმართველმა რეჟიმმა ზურგი აქცია ამ პარტნიორობას.

„[რეჟიმი] დისტანცირებას უკეთებს და იზოლაციაში აქცევს როგორც საკუთარ თავს, ასევე ქვეყანას სანდო მოკავშირისგან, მაშინ, როდესაც უფრო მეტად უახლოვდება შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეებს. რუსეთი ცდილობს თავისი დომინანტური პოზიციის აღდგენას. ქართული ოცნება სულ უფრო ანტიდასავლური და პრორუსული ხდება.

მისი საჯარო პოზიციები სულ უფრო აგრესიულ ანტიამერიკულ ტონს იძენს - საჯარო თავდასხმები აშშ-ის წარმომადგენლებზე - ვფიქრობ, ჩემს უკან მჯდომი ელჩი ამას დაეთანხმება - აშშ-ის პოლიტიკაზე, ბრალდებები აშშ-ს მიერ მოსკოვის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისკენ სწრაფვის შესახებ“, - სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამის პარალელურად „ქართული ოცნების“ ლიდერები აქტიურად აღრმავებენ კავშირებს, პირველ რიგში, რუსეთთან - „აკოპირებენ რუსი ლიდერების რიტორიკას“ - ასევე, ჩინეთთან და ირანთან.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, წინა საგარეო და საშინაო პოლიტიკიდან 180-გრადუსიანი შემობრუნება საფრთხეს უქმნის ქვეყნის დამოუკიდებლობას, რომლის მიღწევაც ძალიან ძვირი დაჯდა.

„ეს მიმართულება პირდაპირ ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მან საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ რუსეთის „ახალ ჰიბრიდულ ომზეც“ ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთმა გააძლიერა ჩარევის პოლიტიკა საქართველოში, რათა ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას და გახლიჩოს საზოგადოება - „ამჯერად არა შეიარაღებული ძალების, არამედ ახალი ჰიბრიდული ტექნოლოგიების გამოყენებით“.

„საქართველოს მომავალი სტრატეგიულ გამოწვევას წარმოადგენს როგორც შეერთებული შტატებისთვის, ასევე ევროპელი პარტნიორებისთვის. რუსეთმა გასულ საუკუნეებში აღიარა, რომ ვინც თბილისს აკონტროლებს, კავკასიასაც აკონტროლებს. დროა, დასავლელმა პარტნიორებმა გაიაზრონ სტრატეგიული რეალობა და არ დაუშვან, რომ შავი ზღვა ჩინეთისა და რუსეთის მზარდი გავლენის ქვეშ დასავლეთის ძალებს ჩამოშორდეს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა სიტყვის დასაწყისში თქვა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის გარეშე, საქართველოში უსაფრთხოება არ არსებობს, არასდროს არსებულა და ვერ იარსებებს:

„შეერთებული შტატების დახმარებისა და ერთგულების გარეშე საქართველოს სახელმწიფოებრიობა ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი და ვერ გადარჩებოდა. სწორედ აშშ-ის ჩართულობამ შეაჩერა პუტინი საქართველოში აგვისტოს ომის დროს. აშშ-ის ლიდერობა იყო და რჩება მტავარი რუსეთის მიერ ოკუპირებული ჩვენი სეპარატისტული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაში. სწორედ აშშ-ის დახმარება დაგვეხმარა თანამედროვე არმიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნაში“.

ხიდაშელის თქმით, დღეს, როდესაც საქართველოზე ვსაუბრობთ, მთავრობა და ერი ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს.

„ქართველი ხალხი არ დანებდა რეპრესიების, პროპაგანდისა და მმართველი პარტიის მიერ ჩვენი დემოკრატიული მისწრაფებების ღალატის მიუხედავად. ქართველები კვლავაც პრო-დასავლური ორიენტაციის მომხრეები არიან - გამოკითხვები აჩვენებს, რომ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის მხარდაჭერა უმაღლეს დონეზეა. ქართველები კვლავ აფრიალებენ ამერიკისა და ევროკავშირის დროშებს საპროტესტო აქციებზე, კვლავ მოითხოვენ, რომ საქართველო ევროპასა და დემოკრატიულ სამყაროს ეკუთვნის“, - განაცხადა ხიდაშელმა.

მისი თქმით, მოქალაქეებს სჭირდებათ ყველანაირი მხარდაჭერა, რაც კი შეიძლება მიიღონ, მათ შორის, სანქციები და დიპლომატიური ზომები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ელიტის, რეჟიმის ხელშემწყობების, რუსული სტილის პროპაგანდისტული მანქანისა და იდეოლოგების წინააღმდეგ.

ამ მხრივ ხიდაშელმა ამერიკის შეერთებული შტატების როლზე გაამახვილა ყურადღება და პირველ საკითხად „მიზნობრივი პასუხისმგებლობა“ გამოჰყო.

„სანქციები და სავიზო აკრძალვები მმართველი ელიტის, მათი ოჯახების, მათი ხელშემწყობი პირების წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული. დაისაჯონ ისინი, ვინც საქართველოს ღალატობს. მეტი სანქციები „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის, მეტი სტიპენდია ქართველი ახალგაზრდებისა და სტუდენტებისთვის“, - თქვა მან.

თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია დემოკრატიული ისნტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა, თავისუფალი მედიის დახმარება, რადგან მათ „დღეს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ დემოკრატიისთვის საქართველოში“.

ხიდაშელმა ჰელსინკის კომისიის წევრებს მიმართა, მხარი დაუჭირონ „მეგობარ აქტს“, რომელიც, მისი თქმით, გზავნის ძლიერ სიგნალს, რომ საქართველოს დემოკრატიის მომავალი აშშ-ის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება.

„ჩადეთ ინვესტიცია შუა დერეფანსა და დაკავშირებადობაში. საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფია არ უნდა დარჩეს ჩინეთის, რუსეთის ან ირანის გავლენების ქვეშ“, - აღნიშნა ხიდაშელმა.

ჰადსონის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, ლუკ კოფიმ თავის ვრცელ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა „ქართული ოცნების“ ლიდერების ქმედებებზე, რომლებიც, მისივე შეფასებით, ეწინააღმდეგება აშშ-ის ადმინისტრაციის ხედვებს. ამასთან, კოფიმ თავიდანვე ხაზი გაუსვა, რომ ის თავის მოსაზრებებს გამოხატავდა და არა ჰადსონის ინსტიტუტის ოფიციალურ პოზიციას.

„ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირების გარკვეული კომენტარები და ქმედებები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ისინი თავს პრეზიდენტ ტრამპის MAGA-ს (Make America Great Again– გახადე ამერიკა კვლავ დიდებული) მსოფლმხედველობასთან შესაბამისობაში მიიჩნევენ, განსაკუთრებით ტრამპის მიერ ე.წ. „დიფ სთეითის“ კრიტიკის რიტორიკულ მხარდაჭერაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიანიშნა კიდეც, რომ ტრამპის გამარჯვებას შესაძლოა აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვა გამოეწვია“, - განაცხადა ლუკ კოფიმ.

მისი თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის MAGA-ს მსოფლმხედველობასთან შეუსაბამოა:

  • აშშ-ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ ირანთან დაახლოება და ისლამური რესპუბლიკის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერის გაკეთება;
  • აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული საგანმანათლებლო დაწესებულებების საქართველოში განთავსება;
  • ჩინური კომპანიების, Huawei-სა და ZTE-ს ინტეგრირება სამთავრობო სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაში;
  • ჩინეთის კომუნიკაციების სამშენებლო კომპანიისთვის (CCCC), რომელიც ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს დასანქცირდა, შავ ზღვაზე მსხვილი პორტის აშენების ნებართვის მიცემა;

ლუ კოფის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე ომის ხელშეწყობა - მოსკოვისთვის სანქციებისგან თავის არიდების ეკონომიკური „ნაცრისფერი ზონის“ შექმნით - არა მხოლოდ არ შეესაბამება MAGA-ს მსოფლმხედველობას, არამედ პირდაპირ ძირს უთხრის პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.