„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შაბათს, 16 ნოემბერს გამოსცა, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. ორგანიზაცია შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას, არჩევნების შედეგების გაუქმებასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 გოცირიძე: ამ მასშტაბის ფულის გათეთრება ვერ ხერხდება ხელისუფლების მფარველობის გარეშე
- 6 რუსთავის ქარხნებთან მტვერში ტყვია, კადმიუმი და ქრომი ნორმაზე 24-ჯერ, 26-ჯერ და 30-ჯერ მეტია – კვლევა
„საია საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე ბრძოლას აგრძელებს. ხმის მიცემის ფარულობა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და მისი დარღვევა დაუშვებელია. ეს უფლება დემოკრატიული პროცესების საფუძველია, მისი უგულებელყოფა კი საარჩევნო პროცესის ლეგიტიმაციას არღვევს“, - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საპარლამენტო არჩევნებში ხმის ფარულობის დარღვევა საიას 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში ჰქონდა გასაჩივრებული. ორგანიზაცია იმ 2263 უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდა, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. საოლქო კომისიებმა საჩივრები არ დააკმაყოფილეს, რის გამოც საიამ სასამართლოს მიმართა. 24 რაიონული/საქალაქო სასამართლოდან ხმის ფარულობის დარღვევა მხოლოდ თეთრიწყაროს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ დაადგინა და 30 საარჩევნო უბნის შედეგები ბათილად ცნო. თუმცა, მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილება სააპელაციო ინსტანციამ გააბათილა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შემაჯამებელი ოქმის ხელმოწერამდე თქვა, რომ „არ არსებობს რაიმე ხელშესახები გარემოება, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ არჩევნები იყო მანიპულირებილი“. ოქმს ხელი მოაწერა ცესკოს მდივანმა, გიორგი ჯავახიშვილმაც.
შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53.93% მოიპოვა და საკანონმდებლო ორგანოში 150-დან 89 მანდატი მიიღო. „კოალიციას ცვლილებისთვის“ ხმების 11.03% და 19 მანდატი აქვს, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ - 10.17% და 16 მანდატი, „ძლიერ საქართველოს“ - 8.81% და 14 მანდატი, ხოლო პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ - 7.78% და 12 მანდატი. ცესკოს მონაცემებს მხოლოდ „ქართული ოცნება“ ეთანხმება, ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა.
