არჩევნები და რეპრესიები – ეუთოს 37 ქვეყანა საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებს

გაერთიანებულმა სამეფომ და ეუთოს წევრმა კიდევ 36-მა სახელმწიფომ უეთოს თავმჯდომარეს, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენს მიმართეს ერთობლივი განცხადებით, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ და წუხილი 4 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის დაგვიანებით მოწვევასთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ერთობლივი განცხადების ავტორები არიან: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კანადა, ხორვატია, ჩეხეთი, კვიპროსი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი, მონტენეგრო, მალტა, მოლდოვა, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო.

„როგორც ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებმა, ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, შევინარჩუნოთ და დავიცვათ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა ჩვენს საერთო ეუთოს რეგიონში. სწორედ ამ სულისკვეთებით გამოვხატავთ ჩვენს ღრმა და უცვლელ შეშფოთებას საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ვწუხვართ, რომ ჩვენს წინა კომუნიკაციებში გამოთქმული შეშფოთება არ იქნა გათვალისწინებული და საქართველოს ხელისუფლებამ არ გადადგა ნაბიჯები ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების წინააღმდეგ, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს და ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ ნორმებსა და ღირებულებებს.

ოქტომბერში საქართველოში დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნები ჩატარდება მწვავე პოლიტიკური პოლარიზაციისა და ხელისუფლების კრიტიკოსების მიმართ მზარდი რეპრესიების კონტექსტში, რასაც თან ახლავს ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის დაპატიმრება. საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებები შეშფოთებას იწვევს არჩევნების მთლიანობის, განსაკუთრებით გამჭვირვალობისა და საზოგადოების ნდობის კუთხით.

ადგილობრივი არჩევნების მონიტორინგი განსაკუთრებით აუცილებელია ამ კონტექსტში, რასაც საჯაროდ იქნა შეხსენებული ODIHR-ის მიერ 2025 წლის 7 ივლისს. ამიტომ, სამწუხაროა, რომ ODIHR-ს დროული მოწვევა არ გაეგზავნა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მნიშვნელობის მქონე დაკვირვება. საქართველოს დიდი ხნის პრაქტიკის გათვალისწინებით, ეს წყვეტა ღრმად შემაშფოთებელია.

გარდა ამისა, გრძელდება მოქალაქეების, პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ რეპრესიები.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენების შესახებ ყველა ბრალდება და პასუხისგებაში მისცეს პასუხისმგებელი პირები.

მკაცრად ვგმობთ ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელისთვის ორწლიანი პატიმრობის არაპროპორციული განაჩენის გამოტანას და ბოლოდროინდელ პატიმრობის განაჩენებს რამდენიმე მომიტინგის მიმარ.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული და ხაზს ვუსვამთ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფის აუცილებლობას.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, კიდევ ერთხელ დაადასტუროს დიალოგისადმი და ეუთოს პრინციპებისა და ვალდებულებებისადმი ერთგულება. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიწყოს ინკლუზიური ეროვნული დიალოგი ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან, რათა მოიძებნოს მიმდინარე კრიზისის მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაწყვეტა. ამ საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებით აქტუალური შეიძლება იყოს ეუთოს ინსტიტუტების, როგორიცაა ოდირი და ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში, დახმარება. კურსის შეცვლის შესაძლებლობა კვლავ არსებობს.

და ბოლოს, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს ხალხის გვერდით და მათ სწრაფვაში დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისკენ, სადაც ენერგიული სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიული პლურალიზმისა და ანგარიშვალდებულების ხერხემალს წარმოადგენს.

ჩვენ კვლავ ღია ვართ საქართველოსთან თანამშრომლობისთვის და ურყევად ერთგულნი ვართ მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

9 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ოდირი) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ვერ დააკვირდება. ოდირი განმარტავს, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან მოწვევა მიიღეს მაშინ, როდესაც არჩევნებამდე თვეზე ნაკლები იყო დარჩენილი, რაც არ არის საკმარისი დრო სანდო და მნიშვნელობის მქონე დაკვირვებისთვის.

ეუთო/ოდირი საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდებოდა 2021, 2017, 2010 და 2006 წლებში. გამონაკლისი მხოლოდ 2014 წელს იყო, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ სადამკვირვებლო მისია დროულად მოიწვია, თუმცა მისი გამოგზავნა ფინანსური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.