არასამთავრობო ორგანიზაციები ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის წინააღმდეგ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ და განიხილავენ საერთაშორისო მექანიზმის გამოყენების შესაძლებლობასაც, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დროულად არ იმოქმედებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 2 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 3 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
მათი განცხადებით, სარჩელი მზადდება და დეტალები, მათ შორის, ის თუ რომელი პრობლემური მუხლების მოქმედების შეჩერებას მოითხოვენ, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
„ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ რუსული კანონის წესებით არ ვიცხოვრებთ და გამოვიყენებთ ყველა შიდა და საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაფერხებლად კანონის უპირობო გაუქმებამდე.
ამისათვის, ვამზადებთ სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად და უახლოეს პერიოდში მივმართავთ მას. საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია იმოქმედოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით და შეაჩეროს კანონის შესაბამისი მუხლების მოქმედება.
თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს არ მივიჩნევთ ერთადერთ გზად ჩვენი სამართლებრივი ბრძოლისათვის. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ იმოქმედებს დროულად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში, ჩვენ გამოვიყენებთ ალტერნატიულ სამართლებრივ მექანიზმს. პარალელურად ვემზადებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარსადგენად, რომელსაც მივმართავთ შესაბამის დროს.
ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედიას შეუძლია ამ ბრძოლის მონაწილე გახდეს და შემოგვიერთდეს. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ წაიკითხა.
„საკონსტიტუცო სასამართლოს აქვს სრული უფლება, პრობლემური მუხლები, კანონი საბოლოოდ გაუქმებამდე - და ეს აუცილებლად მოხდება - შეაჩეროს, ვიდრე ის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, საზოგადოებას, ამ ქვეყანას დააზიანებს. სასამართლოს ამისთვის საკმარისი დრო აქვს“, - აღნიშნა ქურდოვანიძემ.
დღეს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა შეისწავლეს და პარლამენტის მიერ მიღებული კანონი მას „ბოლომდე შეესატყვისება“. კობახიძემ თქვა, რომ კანონის მოქმედების შეჩერება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება საკითხის სამართლებრივად განხილვამდე და იმედი გამოთქვა, რომ სტრასბურგის სასამართლო პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ მოექცევა.
„ქართულმა ოცნებამ“ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია და 84 ხმით საბოლოოდ დაამტკიცა. კანონი ძალაში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმოწერის შემდეგ შევა.
