არასამთავრობო ორგანიზაციები: ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა სერიოზულ საფრთხეშია

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა სერიოზულ საფრთხეშია და „ნებისმიერ ნეგატიურ გადაწყვეტილებაზე“ სრულ პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აკისრებენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„სამოქალაქო საზოგადოების ფონდში“ გამართულ ბრიფინგზე არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმოამდგენელმა, ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ წაიკითხა.

„ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპის ქვეყნებში თავისუფალი გადაადგილების ერთ-ერთი უმთავრესი გარანტიაა, დღეს სერიოზულ საფრთხეშია.

მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის ჯერ კიდევ 2024 წელს გაცემული რეკომენდაციები, რომლებიც მოითხოვდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, თავისუფლების შემზღუდავი, რეპრესიული კანონების გაუქმებას, კორუფციასთან სისტემურ ბრძოლას ყველა დონეზე.

უფრო მეტიც, 2025 წელი კიდევ უფრო დამაზიანებელი აღმოჩნდა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის. 2024 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ, საქართველოში გვყავს 65 სინდისის პატიმარი, დამატებითი რეპრესიული კანონები მიიღეს და დღემდე გრძელდება ადამიანთა დევნა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ხელისუფლებამ 2025 წლის 31 აგვისტომდე უნდა მიაწოდოს ევროკავშირს ინფორმაცია საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს დგამდეს არსებული სავალალო მდგომარეობის გამოსასწორებლად და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ის აძლეირებს ანტიდასავლურ პროპაგანდას.

ხელისუფლების ამ ქმედებების გამო, რეალურია ის საფრთხე, რომ საქართველოს მოქალაქეებმა დავკარგოთ ის შესაძლებლობები, რაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლამ მოგვცა: ოჯახის წევრებთან შეხვედრა, თავისუფლად მოგზაურობა, მკურნალობა, სწავლა, მუშაობა და განვითარება ევროპულ სივრცეში.

საქართველო ევროპული ოჯახის წევრია. ჩვენ, ისე როგორც საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს, გვჯერა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. მაგრამ ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ამ მომავალს სპობს.

როგორც ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად აუცილებელია: შეწყდეს რეპრესიები; გათავისუფლდნენ უსამართლოდ დაპატიმრებულები; გაუქმდეს რეპრესიული კანონები; დაიწყოს ღია და სანდო დიალოგი არსებული კრიზისის დასაძლევად.

ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერ ნეგატიურ გადაწყვეტილებაზე სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ხელისუფლებას და მივიჩნევთ, რომ ჩვენი ევროპული მომავლის დათმობა დაუშვებელია.

აუცილებელია, დავიცვათ უვიზო მიმოსვლა - დავიცვათ საქართველოს ევროპული გზა“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

ევროკომისიამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ვადა აგვისტოს ბოლომდე მისცა „ვიზის შეჩერების მექანიზმის“ შესახებ ევროკომისიის მეშვიდე ანგარიშში მოცემული 8 რეკომენდაციის შესასრულებლად.

რეკომენდაციებს შორისა ნებისმიერი იმ კანონის გაუქმება, რომელიც ზღუდავს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს, არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს და ეწინააღმდეგება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გააუქმოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ შესახებ კანონი, ასევე საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“. ეს რეკომენდაციები ჯერ კიდევ 2024 წლის 6 დეკემბერს არის გაცემული.

ევროკომისია წერილში მიუთითებს, რომ „ქართული ოცნებას“ ხელისუფლების მიერ „შესაბამისი ქმედებების“ არ განხორციელების გამო, 2025 წლის იანვარში, ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულება ნაწილობრივ შეაჩერა და დიპლომატიური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმი დაასრულა.

ევროკომისია რეკომენდაციების შესრულებას „ვიზის შეჩერების მექანიზმის“ შემდეგი ანგარიშის ფარგლებში შეაფასებს, რის საფუძველზეც, დარღვევების გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა ვიზის შეჩერების მექანიზმი გაააქტიუროს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.