არანაირი ანდერძი არ არსებობს და მისი საჭიროებაც აღარ იყო - გიორგი ზვიადაძე

შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არანაირი ანდერძი არ არსებობს და რადგან პატრიარქმა სიცოცხლეშივე დანიშნა თავისი მოსაყდრე, ანდერძის საჭიროება აღარ იყო“, - აცხადებს პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ანდერძთან დაკავშირებით კანონიკური წესი არის ასეთი: თუკი პატრიარქი სიცოცხლეში არ დაასახელებს მოსაყდრეს, მაშინ ის წერს ანდერძს. იმის გათვალისწინებით, რომ პატრიარქმა, როგორც ბრძენმა მწყემსმთავარმა, დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად სიცოცხლეშივე დაადგინა მოსაყდრე, ანდერძის საჭიროება ბუნებრივია, აღარ არსებობს“, - აღნიშნა გიორგი ზვიადაძემ.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვანია და სინოდის წევრებსა თუ საზოგადოებაში კითხვებს არ იწვევს: „შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არანაირი ანდერძი არ არსებობს და ვერ იარსებებს. ილია მეორემ გადაწყვიტა, თავად გამოეცხადებინა წერილობითაც და სიტყვიერადაც, რომ მეუფე შიო ყოფილიყო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე.“

ზვიადაძემ მედიას სთხოვა, პატრიარქის გლოვის დღეებში თავი შეიკავონ მომავალი პატრიარქის ვინაობაზე საუბრისგან, რადგან ეს ეკლესიისთვის „დიდი ტკივილის მომტანია“.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, პატრიარქის მთავარი სურვილი საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი იყო. მან გაიხსენა პატრიარქთან საუბარი, სადაც ილია II-მ მკაფიოდ აღნიშნა:

„ანდერძთან დაკავშირებით მე გეტყვით... მას შემდეგ, რაც 2017 წლის 23 ნოემბერს პატრიარქმა გამოაცხადა თავისი მოსაყდრე, პირველი კომენტარის გასაკეთებლად ტელევიზიაში როდესაც მივდიოდი, პატრიარქმა დამსვა და ამიხსნა, რა უნდა მელაპარაკა. რომ მესაუბრებოდა, თან ვერ ვუყურებდი, ისე მედო ფურცელი და ვიწერდი მის ნალაპარაკევს. ეს ფურცელი შენახული მაქვს დღესაც. მან თქვა ასეთი რამ: „აი, რომ არისო მითქმა-მოთქმა, სად არის ანდერძი, რა წერია ანდერძში…“ (მაშინ გახსოვთ, რომ ძალიან უხერხული თემები წამოვიდა, რომ თითქოს ქამარზე კიდია სეიფის გასაღები და ა.შ.) ეს სიტყვები მითხრა: „აი, ესე რომ ამბობენო, რომ ქამარზე კიდია გასაღებიო, თუ აქ არისო, ახლაო, რომ მაგით აღარ დაინტერესდნენ მეტიო, რაც უნდა ეწეროს ანდერძში, ის დავწერე და გამოვაცხადე ხმამაღლაო, რომ აღარ ჰქონდეთ ამაზე ბჭობა, ეს წერია ანდერძში თუ ის წერია ანდერძშიო“. ამიტომ უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა დაახლოებით 9 წლის წინ, ეს არის მისი ანდერძის სურვილი და ეს არის ანდერძი“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

საეკლესიო წესის თანახმად, პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ეკლესიას დროებით მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე. ილია II-მ ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2017 წლის 23 ნოემბერს მიიღო, როდესაც გიორგობის დღესასწაულზე მოულოდნელად გამოსცა ბრძანება და მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) დაასახელა. პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, წმინდა სინოდმა ეს სტატუსი ხელახლა დაადასტურა.

გიორგი ზვიადაძის განმარტებით, მომავალი პატრიარქის გამოსავლენად კანონიკური ვადები მკაცრადაა გაწერილი: ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით, პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის გასვლის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2 თვისა, უნდა დაინიშნოს გაფართოებული კრება. კრებაზე წმინდა სინოდის წევრი მღვდელმთავრები ფარული კენჭისყრით გამოავლენენ ახალ პატრიარქს. მღვდელმთავრები შესაძლოა 40 დღის გასვლამდეც შეიკრიბონ საორგანიზაციო საკითხების განსახილველად, თუ ამას მოსაყდრე მიიჩნიევს საჭიროდ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.