კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ტერაქტის მცდელობის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში მყოფი ალექსანდრე ელისაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე არ მიუღიათ დასაბუთებული გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც მათი დაცვის ქვეშ მყოფი ყველაზე მკაცრი რეჟიმის, მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაშია შესახლებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 3 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 4 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 5 საქსტატის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი 2271 ლარია
- 6 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
ადვოკატების, არჩილ ჩოფიკაშვილისა და გიორგი რეხვიაშვილის შეფასებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება, რომელიც გუშინ, 13 იანვარს, ალექსანდრე ელისაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ გავრცელდა, „დიდი ალბათობით მიზნად ისახავს პატიმრის დისკრედიტაციას და საქმის არასწორი მიმართულებით წარმართვას“.
„[...]ის ეხება არა მთავარ საკითხებს, არამედ იმას, რომ თითქოს ელისაშვილი ცრუობს და მას სინამდვილეში აქვს პირადი ჰიგიენის ნივთები. როგორც ჩანს, პენიტენციურ სამსახურს არ მოუსმენია გულისყურით ალეკო ელისაშვილის განცხადება, რომ ამ ეტაპზე აქვს ნივთები, თუმცა დაპატიმრებიდან ერთი თვის განმავლობაში არ აწვდიდნენ პირველადი მოხმარების ნივთებს.
დაცვის მხარის მიერ 30.12.2025 წ. წარდგენილი მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე არ ყოფილა გადმოცემული დასაბუთებული გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც ბრალდებული შესახლებულია მე-6 (მაღალი რისკის) დაწესებულებაში და არა მაგ. მე-8 ან, მე-12 დაწესებულებაში (ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება), სადაც ამჟამად იმყოფება ბრალდებულ პოლიტიკოსთა უმეტესობა.
პენიტენციურმა სამსახურმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადა და არ დააკმაყოფილა მოთხოვნა ბრალდებულის სხვა, ნაკლებად მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე (მაგ 12 დაწესებულება). პროკურორის დადგენილებით პატიმარს აკრძალული აქვს სატელეფონო კომუნიკაცია.
ბრალდებული პატიმარი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ სახელმწიფოს მიერ არასათანადო, უკანონო მოპყრობა, არაადეკვატური და არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება კიდევ უფრო აღრმავებს განცდას, რომ ის განგრძობადი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.
შესაბამისი პირებისათვის ცნობილია, რომ კონსტიტუციური და კონვენციური ადამიანის უფლებების დაცვა დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია.
დაცვის მხარე ვთხოვთ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და შესაბამის კომპეტენტურ თანამდებობის პირებს, მომავალში აღარ გავრცელდეს გადაუმოწმებელი და არაადეკვატური ინფორმაცია პატიმრის მიმართ, რომელსაც გარე სამყაროსთან კონტაქტი აქვს აკრძალული და დასაბუთებული და ქაღალდზე დაწერილი გადაწყვეტილების გარეშე იმყოფება ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციურ დაწესებულებაში“, – ნათქვამია ადვოკატების განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მზია გარშაულაშვილმა ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვალა და ის წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლემ 13 იანვარს გამართულ პროცესიდან ელისაშვილი გააძევა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიტიკოსმა მას მოუწოდა, „სახე შეენარჩუნებინა“.
გაძევებამდე ალექსანდრე ელისაშვილმა პატიმრობის პირობებზე ისაუბრა და თქვა, რომ მკაცრი რეჟიმის ციხეში დამატებითი შეზღუდვები აქვს დაწესებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მამუკა მდინარაძის დავალებით.
„დავალება მიიღო ციხის ადმინისტრაციამ, რომ კიდევ უფრო მკაცრ პირობებში ვყოფილიყავი. გეტყვით ახლა რა არის მკაცრი პირობები - ეს არის პატიმრის ბარათი და ამ პატიმრის ბარათს რომ იღებ, გაქვს ჩამოწერილი ნივთებიდან ნებისმიერი იყიდო. მეც მაქვს უფლება, რაც მინდა ის ვიყიდო. ერთი თვეა ფრჩხილი ვერ მოვიჭერი, საკვნეტელა ვერ ვიყიდე ციხის მაღაზიაში. ერთი თვე პლასმასის ტაშტის ყიდვის უფლება არ მომცეს. შესაბამისად დაინტერესდით, რატომ არ მქონდა ერთი თვე. თვითონ ციხის ადმინისტრაციამ გამაფრთხილა, რომ თავზეხელაღებულ პატიმრებთან ჩამსვავდნენ. ამის გარდა, კიდევ უფრო მეტი არაფორმალური შეზღუდვები დამიწესეს, რათა უფრო მძიმე პირობებში ვიყოფილიყავი. ეტყობა ეგონათ, რომ დეპრესია დამეწყებოდა - ტირილს დავიწყებდი, ვიტყოდი, რომ დედა მენატრებოდა. ნურას უკაცრავად, ძალიან კარგად ვგრძნობს თავს. ძალიან მეცინება იმ ტაშტზე, დაბადების დღეს გავარკვევ როდის აქვს და ეს ტაშტი უნდა გავუგზავნო ნახმარი. კიდევ უფრო მკაცრ პირობებში ვარ, ამის თქმა მინდა, მაგრამ თქვენ ეს არ გადარდებთ“, – ციტირებს ტელეკომპანია „პირველი“ ელისაშვილის მიერ სასამართლოში გაკეთებულ განცხადებას.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პოლიტიკოსის განცხადებას ცრუ და ცილისმწამებლური უწოდა. პროცესის დასრულებისთანავე გავრცელებულ განცხადებში ნათქვამი იყო, რომ ელისაშვილი მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში „განთავსებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და შეუფერხებლად სარგებლობს მისთვის მინიჭებული ყველა უფლებით“.
„2025 წლის 4 დეკემბერს იგი მოინახულეს სახალხო დამცველმა და მისმა მოადგილემ. ბრალდებულმა ალეკო ელისაშვილმა მათი თანდასწრებით განაცხადა, რომ არ ჰქონდა სურვილი, საკანში ჰქონოდა ტელევიზორი და ამჯობინებდა, დაკავებულიყო წიგნების კითხვით. 2025 წლის 23 დეკემბერს ალეკო ელისაშვილმა დაწესებულების ადმინისტრაციას მიმართა ტელევიზორის შეძენის მოთხოვნით. მოთხოვნა კანონმდებლობის შესაბამისად და განსაზღვრულ ვადაში მიეწოდა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიას. ბრალდებულ ალეკო ელისაშვილს ტელევიზორი მიეწოდა მოთხოვნის დღესვე.
პენიტენციურ სისტემაში განთავსებული ყველა ბრალდებული/მსჯავრდებული, მათ შორის, ალეკო ელისაშვილი, უზრუნველყოფილია შესაძლებლობით, დაიცვას პირადი ჰიგიენა პატივისა და ღირსების შეულახავად. მისი განცხადება, თითქოს მას არ ეძლევა პირადი ჰიგიენის დაცვისთვის, კერძოდ, ფრჩხილების მოსაწესრიგებლად, საჭირო ნივთები, ასევე, წარმოადგენს სიცრუეს (ბრალდებულს საკანში აქვს ე.წ. მკვნეტარა, ერთჯერადი საპარსი, სარკე, პლასტმასის ტაშტი და სათლი)“, – განაცხადეს პენიტენციურ სამსახურში.
ალექსანდრე ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს და 10-დან 15 წლდამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურა მას თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება. ელისაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. „მე მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის და ძალადობისთვის“, – განაცხადა მან 1-ელ დეკემბერს გამართულ პროცესზე.
