ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რეგისტრირებული „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის“ წინამძღოლმა, ბესარიონ აპლიამ განაცხადა, რომ აფხაზეთი და მისი ეკლესია, ქართული ეკლესიისგან დამოუკიდებელია, ყოველთვის იყო და იქნება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
- 2 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 3 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
- 4 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 5 „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის შემდეგ აქციის მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს
- 6 ტრამპი ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ყაველაშვილის პრესსამსახური
მისი თქმით, ის, რომ „აფხაზეთის ეკლესია“ კანონიკურად შევიდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში, მეტწილად მეოცე საუკუნის პოლიტიკური მოვლენების შედეგია.
„საბჭოთა დოქტრინამ ის როგორღაც შეიყვანა ქართულ ეკლესიაში. დღეს ვერ ვიტყვით, რომ აფხაზებს ეს სურთ. ეს არის აბსოლუტური სიგიჟე. მინდა, მართლმადიდებელმაც და არამართლმადიდებელმაც გაიგონ და შესაბამისი დასკვნა გამოიტანონ, რომ ეს დაუშვებელია. ამ ყველაფერს, რბილად რომ ვთქვათ, გამოსწორება სჭირდება“, - თქვა მღვდელმა „აპსნიპრესთან“ ინტერვიუში.
მისივე განცხადებით, დღეს „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია“ ფაქტობრივად რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ფრთის ქვეშაა, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და „აფხაზეთის ეკლესიას“ კი ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ.
„მადლობა ღმერთს, რომ უფალი დაგვეხმარა მათგან თავის დაღწევაში. დღეს ყველაზე მთავარია აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის აღდგენა და ჩვენ აღვადგენთ მას მოსკოვის საპატრიარქოსთან ერთად“, - თქვა სასულიერო პირმა.
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მსგავს განცხადებებს საეკლესიო ისტორიის დამახინჯებად აფასებენ და ამბობენ, რომ „აფხაზეთი ისტორიულად საქართველოს ნაწილია როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკლესიურად“.
აფხაზეთი, რომელიც ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის სახელითაა ცნობილი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ტერიტორიაა, თუმცა 1992-1993 წლების კონფლიქტის შემდეგ, ამ ტერიტორიაზე საეკლესიო კონტროლს ვერ ახორციელებს. 2010 წელს, წმინდა სინოდის განჩინებით, ეპარქიის მმართველობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გადაეცა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის პატრიარქმა კირილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რამდენჯერმე არ მოიხსენია ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად.
„აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის“ გარდა, აფხაზეთში კიდევ ერთი არაღიარებული მართლმადიდებელი ეკლესია მოქმედებს. „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიას“ წმიდა არქიმანდრიტი დოროფეი (დბარი) ხელმძღვანელობს.
