აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვის საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ცნობით, 16 იანვარს, სადიგოვს ჩაბარდა სასამართლოს დადგენილება, რომლის მიხედვითაც, მის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა და ის შემდგომი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 3 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
- 4 ევროკომისია: საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი
- 5 სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი გაათავისუფლეს – პაპასქუა საგარეო უწყებას ტოვებს
- 6 ოთარ ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული
„ქართული ოცნების“ მიერ სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიერ ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის „ხელოვნურად“ გადაკეტვა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ამ საფუძვლით სამართალდამრღვევად ცნობილი პირის მიერ იგივე ქმედების ჩადენა ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯადი გახადა.
„სადიგოვი შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2025 წლის 22 ოქტომბერს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გადაკეტვის საფუძვლით დააკავა და სასამართლომ მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით, უკვე 19-21 ოქტომბრის ეპიზოდთან დაკავშირებით, იმავე საფუძვლით სასამართლომ მას დამატებით 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ამჯერად, შინაგან საქმეთა სამინისტრო აფგან სადიგოვს 2025 წლის 17-18 დეკემბერს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას ედავება, რაც ტრანსპორტის ან/და ხალხის (ქვეითთა) გადაადგილების შეფერხებისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან აფგან სადიგოვი, აქამდე იმავე საფუძვლით უკვე იყო სახდელდადებული, მისი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს“, - წერია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებაში.
იგივე საფუძვლით, ბოლო კვირებში, სასამართლომ რამდენიმე აქტივისტის საქმეზე ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა და საქმე რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუგზავნა.
ამასთან, გზის განმეორებით გადაკეტვის საფუძვლით, 1-ელ ნოემბერს, სისხლის სამართლის წესით დააკავეს 61 წლის ზურაბ მენთეშაშვილი. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, საქართველოს საკონსტიტუციო და ევროპულ სასამართლოებს ცალსახა პოზიცია აქვთ, რომ მოძრაობის შეფერხების გამო ამგვარი შეზღუდვები შეკრების თავისუფლების არსს ეწინააღმდეგება.
„ეროვნული სასამართლოები შეფერხების „ხელოვნურობის“ დასადგენად რაიმე განჭვრეტად სტანდარტს არ ეყრდნობიან და არც კი მსჯელობენ, თუ შეკრების მონაწილეების რა რაოდენობაა საკმარისი სატრანსპორტო მოძრაობის კანონიერი შეფერხებისთვის.
შეკრების მონაწილეების დასჯის ამგვარი პრაქტიკა არღვევს კანონის გარეშე დასჯის აკრძალვის საბაზისო და აბსოლუტურ პრინციპსაც, რომელიც ევროპული სასამართლოს თანახმად, მოიცავს ინდივიდუალური ბრალის (mens rea) გარეშე დასჯის აკრძალვასაც. ამასთან, მსგავსი ქმედებისთვის პასუხისმგებლობის დამდგენ კანონმდებლობაში ცვლილებების სიხშირიდან და ვიწრო მიზნებიდან გამომდინარე, დარღვეულია სამართლის უზენაესობის სხვა - კანონის სტაბილურობისა და ზოგადი ბუნების შესახებ - პრინციპებიც“, - აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.
ორგანიზაციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ ყველა შესაძლო საშუალებით ებრძვის მშვიდობიან პროტესტს და შეკრების მონაწილეების მიმართ ფაქტობრივად სრულად საპატიმრო სანქციებზე ორიენტირებულ დასჯის მეთოდებს ირჩევს.
