აფგან სადიგოვი ბაქოშია და საქართველოდან მის გაძევებას უკანონობას უწოდებს

აფგან სადიგოვი თბილისში, პროევროპულ აქციაში მონაწილეობისას / მარიამ ნიკურაძის ფოტო

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში ბაქოში აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიება საქართველოს მის დეპორტაციას პირდაპირ უკრძალავდა, „ქართულმა ოცნებამ“ ჟურნალისტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საბაბით გააძევა. თავად სადიგოვი ადასტურებს, რომ აზერბაიჯანში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა შეწყვეტილია და მომხდარს ორი ქვეყნის რეჟიმების ერთობლივ უკანონო ოპერაციად აფასებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

დამოუკიდებელ აზერბაიჯანულ გამოცემა Qazetci.org-თან საუბარში სადიგოვი ადასტურებს, რომ ამჟამად ნათესავების სახლში იმყოფება:

„ბაქოს მიგრაციის მთავარ სამმართველოში მაცნობეს, რომ ჩემს წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა. ჩემი დაკავების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილება კი უკანონოა - სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიება, რომელიც ჩემს დეპორტაციას კრძალავდა, უხეშად დაირღვა“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი, თამთა მიქელაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო სამართალი დაარღვია. მისი თქმით, შსს-ს არგუმენტები სიმართლეს არ შეესაბამება: „მთავარი ტესტი იქნება ის, მისცემენ თუ არა სადიგოვს აზერბაიჯანის დატოვებისა და ოჯახთან გაერთიანების უფლებას. შესაძლოა, ეს რეჟიმის გეგმაა, რომ რამდენიმე თვეში ახალი საქმე შეკერონ. ჩვენ უკვე ვაცნობეთ ევროპულ სასამართლოს ამ დარღვევის შესახებ. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველომ ღიად დაარღვია სტრასბურგის დროებითი ღონისძიება“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სადიგოვის გაძევებასთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტება გაავრცელა. უწყების ცნობით, სადიგოვი სამართალდამრღვევად ცნეს პოლიციელის შეურაცხყოფისთვის (მუხლი 173). მას 2000-ლარიანი ჯარიმა და 3 წლით ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაეკისრა. სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ სადიგოვს წარსულში 62 ადმინისტრაციული დარღვევა უფიქსირდება (პროევროპულ აქციებში მონაწილეობის გამო. რედ).

შსს განმარტავს, რომ აქამდე სადიგოვის ექსტრადიციაზე უარს სტრასბურგის სასამართლოს აკრძალვის გამო ამბობდნენ, თუმცა, რადგან აზერბაიჯანმა სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა, საექსტრადიციო პროცედურებიც აქტუალური აღარ იყო და პირი ადმინისტრაციული წესით გააძევეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა სადიგოვის გაძევების გადაწყვეტილება 4 აპრილს, ღამის 04:00 საათზე გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ჟურნალისტის აზერბაიჯანისთვის გადაცემა ეკრძალებოდა, რადგან იქ მას პოლიტიკური დევნა და წამების საფრთხე ემუქრება.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების უხეში დარღვევითა და აფგან სადიგოვის გაძევებით, ივანიშვილის რეჟიმი უარყოფს საერთაშორისო სამართალსა და ადამიანის უფლებებს“, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „საერთაშორისო საზოგადოებამ ყურადღებით უნდა აკონტროლოს ეს საქმე, ხმა აიმაღლოს და გადამწყვეტად იმოქმედოს“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.