„ქართული ოცნების“ მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული ანტიკორუფციული ბიურო კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, პატიმრობაში მყოფი მამუკა ხაზარაძის ქონებრივი დეკლარაციით დაინტერესდა. გარდა ამისა, ბიურო პარტიაში ხაზარაძის „შემოწირულებებთან დაკავშირებულ გარემოებებს“ სწავლობს, „რათა სრული სურათი შეიქმნას პოლიტიკური კორუფციის შესაძლო რისკებთან დაკავშირებით“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 3 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 4 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 5 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 6 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მონიტორინგის პროცესში განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს ის თუ რა მიზეზით არ აისახა დეკლარაციაში შეთანხმება, რომელიც მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრმა გერმანიის ელჩთან გააფორმა.
„ანტიკორუფციული ბიურო ახორციელებს საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, მამუკა ხაზარაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგს. მონიტორინგის მიზანია დადგინდეს დეკლარაციაში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე და შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თანამდებობის პირს ეკისრება კანონით დადგენილი ვალდებულება, დეკლარაციაში სრულად და სწორად ასახოს პირის და პირის ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ქონება და ყველა ტიპის გარიგება.
ბიუროს მიერ მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში ყურადღება ეთმობა დეკლარაციაში იმ მონაცემების ასახვის სიზუსტეს, რომლებიც უკავშირდება მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასა და აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს.
განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს ის გარემოება, თუ რა მიზეზით არ აისახა დეკლარაციაში შეთანხმება, რომელიც მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრმა გააფორმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან. მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს, იყო თუ არა ხელშეკრულების დამალვა მიზანმიმართული, უკავშირდება თუ არა შემოსავლის დაფარვის მცდელობას და რამდენად შეესაბამება ეს ქმედება კანონით დადგენილ ვალდებულებებს.
ამასთანავე, ბიურო აგრძელებს პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მუდმივ მონიტორინგს, რაც გულისხმობს შემოწირულებების კანონიერების შეფასებას. ამ კონტექსტში მიმდინარეობს მამუკა ხაზარაძის მიერ დეკლარირებულ შემოწირულებებთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა, რათა სრული სურათი შეიქმნას პოლიტიკური კორუფციის შესაძლო რისკებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ანტიკორუფციული სააგენტოს განცხადებაში.
1-ელ აგვისტოს, პროსამთავრობო „რუსთავი 2“-მა, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე 25 მილიონი ლარის დავალიანება აქვს, გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში, ყავლაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლი, სადაც გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ცხოვრობს, მამუკა ხაზარაძის მეუღლის საკუთრებაა და „ამ დრომდე უცნობია, გაფორმებულია თუ არა შესაბამისი ხელშეკრულება და იხდის თუ არა ხაზარაძის ოჯახი საშემოსავლო გადასახადს“. 4 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა განაცხადა, რომ გადასახადებისგან შესაძლო თავის არიდების საკითხზე მოკვლევა დაიწყეს.
მამუკა ხაზარაძე ამ საკითხს საპატიმროდან გამოეხმაურა და თქვა, რომ ქირავნობის ხელშეკრულებას გაფორმებულია და რეგისტრირებულია კანონის ყველა წესის დაცვით.
„თუმცა, ჩვენ მიერვე წინა კვირას აღმოჩენილ იქნა ბიუჯეტში გადასახადის საკითხი, რაც წყაროსთან დაბეგვრა - არდაბეგვრის გაუგებრობამ გამოიწვია. ჩვენივე მიმართვის საფუძველზე საგადასახადო სამსახურში მოხდა შესაბამისი რეგისტრაცია და ბიუჯეტი სრულად იქნა გასტუმრებული, რითაც საკითხი სრულად ამოიწურა“, - განაცხადა ხაზარაძემ.
5 აგვისტოს შემოსავლების სამსახურმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ხაზარაძის ოჯახმა შემოსავლების სამსახურს მხოლოდ მას შემდეგ მიმართა საგადასახადო დეკლარაციების მოთხოვნით, რაც ჯერ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია მხარეებს შორის ხელშეკრულების არარსებობის თაობაზე, ხოლო შემდეგ შემოსავლების სამსახურმა დაიწყო საკითხის მოკვლევა.
