ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს და კიდევ 9 დაკავებულს 2 წლით პატიმრობა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პროევროპული აქციების 11 მონაწილის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. რეზო კიკნაძეს, ანდრო ჭიჭინაძეს, ირაკლი ქერაშვილს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, გია ტერიშვილს, ვალერი თეთრაშვილს, ლუკა ჯაბუას, გური მირცხულავას, სერგეი კუხარჩუკს და რუსლან სივაკოვს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ცხრა თვის განმავლობაში პროკურატურა 11-ვე დაკავებულს საპროტესტო აქციაზე ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა და 4-დან 6 წლამდე ვადით მათ დაპატიმრებას ითხოვდა. ბრალს არცერთი აღაირებდა. 

მოსამართლე გალუსტაშვილმა ბრალი გადააკვალიფიცირა და ბრალდებულებს სასჯელი მიუსაჯა სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მულით - ისეთ ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის, რომელიც „უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან ან რომელმაც ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია“.  

„არდადასტურებული ორგანიზებული მოქმედების, არდადასტურებული ჯგუფურობის და არდადასტურებული ძალადობრივი მოქმედების შემდეგ მივიღეთ მუხლის გადაკვალიფიცირება, რასაც არავის მხრიდან არ ექნება მიმღებლობა, რადგან ბიჭებს დანაშაული არ ჩაუდენიათ.  

ბრძოლას გავაგრძელებთ იქამდე, ვიდრე თითოეული მათგანი არ გათავისუფლდება. გავაგრძელებთ ზედა ინსტანციაში ბრძოლას და ადრე თუ გვიან, ეს საქმე მივა სტრასბურგის სასამართლომდე“, - განაცხადა ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ. 

ვიდრე მოსამართლე სათათბიროდ გავიდოდა, სინდისის პატიმრებმა საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლეს. გთავაზობთ ამონარიდებს:

ჯანო არჩია: „მე ვარ ჯანო არჩაია, რევაზის ძე. იმ რევაზის, რომელიც 1988 წლიდან მოყოლებული ზვიადის და მერაბის გვერდში იბრძოდა. 14 წლის ასაკში 9 აპრილს მამაჩემის გვერდით ვიდექი. იქიდან ვიბრძვი. 59 წლის კაცი გავხდი, არაფერი გამომიტოვებია, ვიბრძოდი აფხაზეთში. მე ვიცავ საქართველოს ღირსეულ მომავალს. მინდა ჩემ შვილიშვილებს ჰქონდეთ ნათელი მომავალი, ამის გამო ვისჯებით ჩვენ აქ“.

ვალერი თეთრაშვილი: „კადრებში ვნახე, როგორ ექცეოდნენ ხალხს, გოგოებს, ჟურნალისტებს, როგორ სცემდნენ, სხვათა შორის, ჯგუფურად და ორგანიზებულად. ამ ყველაფრის შემხედვარე გამიჩნდა უსამართლობის შეგრძნება და გადავწყვიტე წავსულიყავი აქციაზე. ხუჭუჭა ბიჭის ვიდეო გაქვთ ნანახი? თუ არ გაქვთ ნანახი, ნახეთ. ამ ვიდეომ მაიძულა გავსულიყავი აქციაზე. ვიდეოში ვნახე, ქუსლს რომ ურტყამენ სახეში. ვიდეოს, რომ ვუყურე, შემრცხვა და შემზიზღდა ჩემი თავი, შემრცხვა, რადგან წინა დღეებში ჩვეულებრივად ვაგრძელებდი ცხოვრებას და ჩემდა სამარცხვინოდ, აღშფოთებით შემოვიფარგლებოდი. ეს ყველაფერი ხდება ჩვენი სამარცხვინო პრემიერის გამო, რომელმაც კონსტიტუცია თავზე გადაგვახია, გადაგვახია მეც, ჩვენც და თქვენც პროკურორებო. ჩემი ქვეყნის მომავალი მინდა იყოს ევროპაში და არა რუსეთში. ამან მაიძულა გავსულიყავი აქციაზე. აქ მოტანილი ჰქონდათ „ტვ იმედის“ ვიდეო. ვიდეოში მე ვარ, მაგრამ არანაირი სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩამიდენია, არც არანაირი ძალადობრივი აქტის ინიციატორი არ ვყოფილვარ“.

ლუკა ჯაბუა: „მინატრია ბევრჯერ და მისაუბრია, ნეტა ამერიკულ ფილმებში რომ არის, ასეთი იყოს სასამართლო-მეთქი... მე არ მეშინია დიდი ხნით ციხეში ყოფნა, მე მეშინია იმის, რომ ამ დიდი ხნის შემდეგ ქვეყანა არ აღმოჩნდეს ისეთ სიტუაციაშია, საიდანაც ამოსვლას უფრო დიდი ხანი მოუნდება... არ მინდა ჩემს შვილებს მოუწიოთ უკანონობის გადატანა“.

რუსლან სივაკოვი: „ბრალდება არის სრული აბსურდი. შეიძლება ძალიან ბევრი რამე ვისაუბროთ ჩვენი ბრალდების გარშემო, მაგრამ ამაში აზრს ვერ ვხედავ, რამდენადაც ყველაფერი ნათქვამია. ახლა მთავარია, მოსამართლემ ყველა უარყოფითი და დადებითი აწონ-დაწონოს და გამოიტანოს სამართლიანი გადაწყვეტილება. მე არ მჯერა, რომ ეს ასე მოხდება. გაუმარჯოს საქართველოს! თავისუფლება პოლიტპატიმრებს! დიდება უკრაინას!“

ონისე ცხადაძე: „რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანოთ ამ საქმეზე, ეს დიდად არაფერს ცვლის. ქვეყანაში, სადაც მოკლეს ილია ჭავჭავაძე, მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, სანდრო ახმეტელი… ონისე ცხადაძის ციხეში ყოფნა დიდი ვერაფერი ამბავია, თუმცა თქვენ უნდა  გესმოდეთ, რომ ამ პროცესის განგრძობადობა მიგვიყვანს ისეთ სახელმწიფომდე, სადაც ისევ მოკლავდნენ ილია ჭავჭავძეს, მიხეილ ჯავახიშვილს, სანდრო ახმეტელს, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და კიდევ უამრავ გენიალურ ადამიანს. საშიში არ არის ჩემთვის რამდენიმე წლის ციხეში გატარება, საშიშია როდესაც ქუჩაში მიდიხარ და არ იცი თავში რა დაგეცემა, სშიშია როდესაცს ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი კაცი ქუჩში თავს დაიწვავს სახელმწიფოსგან ყურადღების მისაქცევად. საშიშია, როდესაც ბავშვს გარეთ გაუშვებ და უკან ვერ დაბრუნდება, რადგან სადღაც დენმა დაარტყა, სადღაც ჩავარდა“.

მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო გუშინ, 2 სექტემბერს, 8 დემონსტრანტის საქმეზე მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა. პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალის გადაკვალიფიცირების შემდეგ მან ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი დამნაშავედ ცნო ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაში და მათ ორწლინახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო თორნიკე გოშაძეს, ინსაფ ალიევს, ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გორგაძესა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს 2-წლიანი პატიმრობა შეუფარდა იგივე ქმედებაში მონაწილეობისთვის.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.