ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარა ჩორჯოში 45 წლის ქალი ცოფით გარდაიცვალა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის ნოემბრის შემდეგ, ეს საქართველოში ცოფით ადამიანის გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 6 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
45 წლის ქალი ცოფით, სავარაუდოდ, თებერვალში, ლეკვისგან დაინფიცირდა. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, მის ოჯახს ქუთაისიდან წაყვანილი ჰყავდა ლეკვი, რომელიც მალევე ავად გახდა და დაუდგენელი დიაგნოზით მოკვდა. ძაღლის სიკვდილის შესახებ სააგენტოს ინფორმაცია არ მიუღია.
„ქალს ანტირაბიული დახმარებისთვის არ მიუმართავს, ხოლო ცოფის კლინიკური სურათის განვითარება 6 ივლისს დაიწყო, ამ დაავადებისთვის ტიპური კლინიკური ნიშნებით, შემთხვევა კი 11 ივლისს დარეგისტრირდა, რომელიც იმავე დღეს დასრულდა ლეტალური გამოსავლით. პჯრ კვლევით დიაგნოზი ლაბორატორიულად დადასტურდა“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
მომხდარის გამო ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა, რაც ქუჩაში და სხვა ადგილებში ცხოველების გაყვანის აკრძალვას გულისხმობს. მერიის ინფორმაციით, აცრილია გარდაცვლილთან კონტაქტში მყოფი 19 პირი და გრძელდება სხვა პირების მოძიება.
მოქალაქეებს მოუწოდებენ, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელს, გაბრიელ ჩიკვაიძეს ტელეფონის ნომერზე - 595 221 148, ან დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.
ცოფის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში ადამიანის გადარჩენის ერთადერთი გზა დროული ვაქცინაციაა. ცოფის კლინიკური ნიშნების მქონე ცხოველის მიერ ადამიანის დაკბენის, დაკაწვრის ან დადორბვლის შემთხვევაში, საჭიროა ჭრილობის სასწრაფოდ ჩამობანვა საპნითა და წყლით, შემდეგ კი ექიმ-რაბიოლოგისთვის მიმართვა.
2023 წლის მარტში ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცოფის სამი შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კარანტინი იყო გამოცხადებული. სამივე შემთხვევაში ვირუსი ძაღლს დაუდგინდა. აპრილში ცოფის შემთხვევა გამოვლინდა სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში. იქ მიუსაფარმა ძაღლმა რამდენიმე ადამიანი დაკბინა, რის შემდეგაც თავშესაფარში ცოფით მოკვდა.
ცოფი ვირუსული ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლის დროსაც თავისა და ზურგის ტვინი ზიანდება. ინფიცირება ცოფით დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის და დადორბვლის შედეგად ხდება. დასნებოვნება შეიძლება პირის, ცხვირის, თვალის ლორწოვანზე და დაზიანებულ კანის საფარველზე დაავადებული ცხოველის ნერწყვის მოხვედრითაც. ცოფით დაავადებულ ცხოველს აღენიშნება ქცევის შეცვლა - მოუსვენრობა, უარს ამბობს საკვებსა და წყალზე, აღენიშნება ნერწყვდენა, ღრღნის უცხო სხეულებს, კბენს ცხოველებსა და ადამიანებს (საკუთარ პატრონსაც კი). არის შემთხვევები, როცა ცხოველი ხდება ზედმეტად ალერსიანი, შეიმჩნევა სიელმე, ყეფა ხრინწიანი ხდება.
