თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და პოლიტიკურ სტაბილურობას მაღალი შეფასება მისცა. ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა მიხეილ ყაველაშვილთან, ირაკლი კობახიძესთან და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 2 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 3 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 კობახიძე სტამბოლის კონვენციიდან შესაძლო გასვლაზე - მზად ვართ, ამ საკითხზე ვიმუშაოთ
- 6 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გარდაიცვალა
ბიძინა ივანიშვილმა აზერბაიჯანის დელეგაციას თავის ბიზნეს-ცენტრში უმასპინძლა. „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მჭიდრო პარტნიორობა და სატრანზიტო დერეფნის ათვისება თანაბრად ემსახურება ორივე ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.
ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა ალიევს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის მხარდაჭერისთვის და თქვა, რომ გამოწვევებით აღსავსე გარემოში მშვიდობის შენარჩუნება „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“. ხაზი გაესვა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის როლს და აღინიშნა, რომ საქართველო კვლავ ღიაა აზერბაიჯანული ინვესტიციებისთვის.
თავის მხრივ, ილჰამ ალიევმა ბიძინა ივანიშვილს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა: „საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი, სტაბილური და საინტერესო ადგილი ინვესტიციებისთვის“.
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა იმ ფაქტორებზე, რაც ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს.

„მთავარი პირობა, მთავარი ფაქტორი, რომელიც ყველა წარმატების საფუძველს წარმოადგენს, პოლიტიკური სტაბილურობაა. ეს პოლიტიკური სტაბილურობა საქართველოშია. ამის გარანტი არის ქართველი ხალხი და თქვენს მიერ გატარებული პოლიტიკა. ჩვენ, როგორც თქვენს მეგობრებსა და მეზობლებს, ეს გვიხარია“, - განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა წარმოადგინა კონკრეტული მონაცემები ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ: „როდესაც ვიზიტის წინ ანგარიშებს გადავხედე, ვნახე, რომ გასულ წელს ჩვენი სავაჭრო ბრუნვა 800 მილიონ დოლარს აჭარბებდა და მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ზრდა კვლავ საკმაოდ მაღალი იყო. თუ ასე გაგრძელდა, წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, ერთ მილიარდ დოლარს მივაღწევთ. როგორც აღვნიშნე, საქართველოში ძალიან პოზიტიური საინვესტიციო კლიმატი ასევე აზერბაიჯანელ ინვესტორებს იზიდავს და დღემდე, აზერბაიჯანმა საქართველოს ეკონომიკაში 3,7 მილიარდი დოლარი ჩადო. დღეს ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები როგორც აზერბაიჯანისთვის, ასევე საქართველოსთვის ახალ საინვესტიციო პროექტებზე და შესაძლოა, გარკვეულ მომენტში განხილული იქნეს მესამე ქვეყნებში ერთობლივი ინვესტიციები“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი 16 ქვეყანაში სწორედ საქართველოდან იწყება. „საქართველო არის პირველი ქვეყანა ამ მარშრუტზე. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი წარმატებით მუშაობს 20 წელია“.
პრეზიდენტის თქმით, ეს არის „მთავარი სატრანზიტო არტერია“, რომლის გაფართოებაზეც მუშაობა გრძელდება.
ილჰამ ალიევმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო რეგიონულ უსაფრთხოებას და საქართველოს როლს სომხეთთან სამშვიდობო პროცესში: „სამხრეთ კავკასიაში ჩვენ წარმოვჩინდებით როგორც მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის რეგიონი. დღეს განსაკუთრებით უნდა გავუსვა ხაზი იმას, რომ საქართველო თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს... ჩვენ დავიწყეთ სომხეთთან ურთიერთობა საქართველოს გავლით და მადლობელი ვარ საქართველოს მთავრობის ამ ხელშეწყობისთვის“.
პრეზიდენტმა ვიზიტის დასასრულს კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა ერთობლივი მუშაობისთვის და ქართველ ხალხს კეთილდღეობა უსურვა. ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში უკვე დასრულებულია.
