პარტიამ „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE) 20-21 მარტს, ბრიუსელში გამართულ რიგგარეშე ყრილობაზე 2024 წლის მანიფესტი მიიღო, რომლის მიხედვითაც, ALDE-ს აქვს ამბიცია, უზრუნველყოს, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, მოლდოვა, საქართველო და უკრაინა 2029 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 3 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 4 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 5 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 6 ახობაძის ადვოკატი: ექსპერტმა დაადასტურა, რომ ნარკოტიკის შესაფუთ მასალაზე გადატანილი იყო ნერწყვი
ALDE-ს წევრი ქართული ოპოზიციური პარტიების - „გირჩი - მეტი თავისუფლების“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერების განცხადებით, მანიფესტში კანდიდატი ქვეყნების მხარდამჭერი ჩანაწერი მათი და უკრაინელი პოლიტიკოსების ინიციატივით გაჩნდა.
„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთგულებას ღია კარის პოლიტიკისადმი ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც ასრულებენ კოპენჰაგენის კრიტერიუმებს და უზრუნველვყოფთ, ევროკავშირმა გაგზავნოს ძლიერი სიგნალები იმის შესახებ, რომ კრიტერიუმებთან შესაბამისობას და მაჩვენებლების მიღწევას ხელშესახები შედეგები მოაქვს.
ამ თვალსაზრისით, ჩვენი ამბიციაა, უზრუნველვყოთ, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, მოლდოვა, საქართველო და უკრაინა 2029 წლისთვის მზად იყვნენ, დააკმაყოფილონ ყველა კრიტერიუმი. გარდა კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილებისა, კანდიდატი ქვეყნები თანხვედრაში უნდა იყვნენ ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან“, - ნათქვამია მანიფესტში.
ALDE აღნიშნავს, რომ ევროკავშირის გაფართოება სასარგებლოა პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით. მანიფესტში ნათქვამია, რომ „ევროკავშირი, მისი ღირებულებები და სტანდარტები რჩება დიდ გამაერთიანებელ ფაქტორად დასავლეთ ბალკანეთის, მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის ერებისთვის“.
ALDE ევროპის მასშტაბით 60-ზე მეტ პოლიტიკურ პარტიას აერთიანებს და ევროპარლამენტში 70 წევრით არის წარმოდგენილი. ALDE-ს წევრები არიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი (პარტია „რეფორმატორული მოძრაობა“), ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი (პარტია „ესტონეთის რეფორმის პარტია“), სლოვენიის, ბელგიის, ნიდერლანდების და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრები.
საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო. შემდეგი ეტაპი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებია, რისთვისაც საჭიროა ქვეყანამ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 პირობა შეასრულოს, მათ შორის, განახორციელოს სასამართლო სისტემის რეფორმა, გააუმჯობესოს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები და თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესი უზრუნველყოს. 2024 წლის 20 თებერვალს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ თუ საქართველო 2030 წლისთვის ყველა პირობას შეასრულებს, ევროკავშირიც მზად უნდა იყოს მის მისაღებად. ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „2030 წელს საქართველო უფრო მეტად იქნება მზად ევროკავშირის წევრობისთვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა კანდიდატი ქვეყანა“.
