აქციაზე დაკავებულმა მოქალაქემ „ოცნების“ მთავრობას სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო

2023 წლის მარტში ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებულმა გიორგი მექვაბიშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დავა მოიგო. სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან აქციის მონაწილის მიმართ საქმის სამართლიანი განხილვის, შეკრებისა და გამოხატვის კონვენციით დაცული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა დაადგინა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

გიორგი მექვაბიშვილი 2023 წლის 8 მარტს, ღამის 2 საათზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისა ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე დააკავეს. დაკავების დროს ის აქციის სხვა მონაწილის მიმართ პოლიციელთა ძალადობას ტელეფონით იღებდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე სამართალდამრღვევად ცნო საქმის ერთადერთი მოწმის - პოლიციელის ჩვენების საფუძველზე. პოლიციელი აცხადებდა, რომ, თითქოს, გიორგი მექვაბიშვილი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას გაეთავისუფლებინა გზის სავალი ნაწილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მექვაბიშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ დემონსტრანტის უფლებების დასაცავად სტრასბურგის სასამართლოს 2023 წლის 9 ოქტომბერს მიმართა. სასამართლომ

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-11 (შეკრების თავისუფლება) მუხლების დარღვევა დაადგინა. ამასთან მე-11 მუხლის ფარგლებში მოიცვა მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) მუხლით დაცული უფლება.

 უფლებადამცველი ორგანიზაციის ინფორმაციით, გადაწყვეტილებაში სასამართლომ აღნიშნა, რომ გიორგი მექვაბიშვილის წინააღმდეგ საქმეში არ არსებობდა არცერთი პირდაპირი და ობიექტური მტკიცებულება, გარდა პოლიციის მიერ წარმოდგენილი ჩვენებისა.

გარდა ამისა, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა პოლიციელის სამხრე კამერებისა და გარე სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერების არარსებობაზე. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული არღვევს კონვენციის მე-6 (1) მუხლს, რამდენადაც გიორგი მექვაბიშვილი ფაქტობრივად იძულებული იყო დაემტკიცებინა საკუთარი უდანაშაულობა პოლიციის დაუდასტურებელი ბრალდებების წინააღმდეგ, როდესაც საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა სხვა მტკიცებულება, გარდა პოლიციის განმარტებებისა.

სტრასბურგის სასამართლომ განმარტა, რომ გიორგი მექვაბიშვილი ეჭვქვეშ აყენებდა იმ ბრძანების კანონიერებას, რომლის დაუმორჩილებლობაშიც მას ადანაშაულებდნენ. სასამართლოს შეფასებით, მოთხოვნის „კანონიერება“ წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შემადგენელ ელემენტს, რომელიც მოცემულ საქმეში დაირღვა, რამდენადაც გიორგი მექვაბიშვილისთვის ვერ იქნა დადასტურებული ინდივიდუალურად რა გახდა მისი დაკავების მიზეზი.

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა პოლიციის ბრძანებების კანონიერება მხოლოდ ზოგადი ფორმულირებით შეაფასეს ადგილზე არსებული ქცევის ზოგად მითითებაზე დაყრდნობით, ისე, რომ არ შეუფასებიათ იყო თუ არა მთლიანი დემონსტრაციის დაშლისა და გზის გათავისუფლების გადაწყვეტილება აუცილებელი.

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ გიორგი მექვაბიშვილი არ მონაწილეობდა ძალადობრივ ქმედებაში, ასევე, 2023 წლის 7 მარტის დემონსტრაცია ემსახურებოდა საჯარო ინტერესს.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით სახელმწიფოს მომჩივანი პირის სასარგებლოდ განცდილი მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.

„გიორგი მექვაბიშვილის საქმე არ არის იზოლირებული შემთხვევა და საია უკვე წლობით უთითებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ძირეული ცვლილების საჭიროებაზე, განსაკუთრებით კი, აქციის კონტექსტში თვითნებური დაკავებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებში სასამართლო კონტროლის გარანტიების ნაკლოვანებებზე“, – აცხადებ საია.

უფლებადამცველი ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი კიდევ უფრო გაუარესდა, რაც მოიცავს, მათ შორის, სანქციების გამკაცრებას გამოხატვის/შეკრების თავისუფლების ნაწილში და მტკიცების ტვირთის შებრუნებას.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.