სამოქალაქო აქტივისტსა და პროევროპული აქციების მონაწილეს, ლექსო სამხარაძეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 14 დღით პატიმრობა შეუფარდა „ქართული ოცნების“ წევრის, დავით მათიკაშვილის „სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
- 2 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 3 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
- 4 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 5 „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის შემდეგ აქციის მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს
- 6 ტრამპი ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ყაველაშვილის პრესსამსახური
საქმე ეხება ლექსო სამხარაძის მიერ 2 ივნისს გამოაქვეყნებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ის საპროტესტო შეძახილებით მიმართავს დავით მათიკაშვილს, რომელიც კაფეში შედის: „ოლე, ოლა... ქოცების დედის ***ნა“... ეს სიმღერა ხშირად ისმის ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე. „გადაშენდი რუსეთში, ქოცუნია ესა“,- ამბობს სამხარაძე.
მათიკაშვილმა აქტივისტს პოლიციაში უჩივლა, რის შემდეგაც სამხარაძის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173, 16 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღვა-გინებას, მასზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით. აღნიშნული მუხლი სანქციის სახით ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით. ამ მუხლით უკვე არაერთი აქტივისტი, ჟურნალისტი და პოლიტიკოსი მისცეს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა კოდექსში ეს მუხლი 2025 წლის 6 თებერვალს შეიტანა. მანამდე მსგავსი ქმედება სამართალდარღვევად არ მიიჩნეოდა.
ლექსო სამხარაძე 13 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრო. „რაც არ უნდა ძლიერად დამიცვას ადვოკატმა, მაინც გამამტყუნებელი განაჩენი დადგება. არ ვცნობ სასამართლო ხელისუფლებას, კორუმპირებულ, სანქცირებულ მოსამართლე მანუჩარ ცაცუასთან არ შევალ დარბაზში და არ მივანიჭებ ლეგიტიმაციას“, - თქვა მან ვიდეომიმართვაში.
პროცესზე მას სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი ჰყავდა. 13 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება მას არც ადვოკატმა შეატყობინა და არც სასამართლომ. 14 ივნისს ის სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა ქუჩაში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ალექსანდრე სამხარაძემ თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას. შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ის დააკავეს. ალექსანდრე სამხარაძე გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში, ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების მიზნით“.
