ახალციხის მეჩეთის იმამს, შევქეთ დვალიძესა და მისი ოჯახის წევრებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 18 ივლისს მომხდარი ინციდენტის დეტალები დაზარალებულმა 23 ივლისს Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში გაასაჯაროვა. იმამის თქმით, თავდასხმა თურქულად საუბრის გამო მოხდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
„ჩემი ძმა თურქეთიდან ოჯახთან ერთად იყო ჩამოსული და ერთკვირიანი სტუმრობის ბოლო დღე იწურებოდა. საღამოს 16 წლის ძმისშვილი და ჩემი 20 წლის ვაჟი სამეზობლოში სასეირნოდ გავიდნენ. გზისპირას ახალგაზრდების ორი ჯგუფი ლუდს სვამდა. ჩემი ვაჟი ქართულად ესაუბრა ერთ ჯგუფს და მათთან მეგობრული დიალოგი შედგა. როდესაც ლუდი შესთავაზეს, პასუხმა, რომ ისინი მუსლიმები არიან და არ სვამენ, რაიმე პრობლემა არ გამოიწვია. სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც მეორე ჯგუფიდან ორმა ადამიანმა შემთხვევით გაიგო მათი თურქულ ენაზე საუბარი და მიმართა:
„თურქულად როგორ ლაპარაკობ? ეს საქართველოა. როდესაც ბავშვები გაქცევას ცდილობდნენ, თავდამსხმელები სახლამდე დაედევნენ.
ეზოში 80 წლის მამასთან ერთად ჩაის ვსვამდი, როდესაც კარი მოულოდნელად გაიღო, ბავშვები შიგნით შემოვარდნენ და აგრესიული ჯგუფიც მოჰყვა, რასაც მძიმე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა“, - იმამის თქმით, მიწაზე დაცემისას ფეხებით ცემა დაუწყეს, ხოლო დასახმარებლად მისული მისი ძმა ასევე 3-4 ადამიანის თავდასხმის სამიზნე გახდა.
იმამი აღნიშნავს, რომ ამ ამბავს შეიძლებოდა სიკვდილიც მოჰყოლოდა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელების ვინაობა ცნობილი იყო, პოლიციამ 15 ადამიანიდან მხოლოდ 2 დააკავა, მოგვიანებით კი სასამართლომ ორივე მათგანი გირაოთი გაათავისუფლა. შევქეთ დვალიძე ამბობს, რომ პოლიციის ზეწოლის შედეგად მას საჩივარი უკან გაატანინეს.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ (SJC) განცხადებით, საქმის ფაქტობრივი გარემოებები ქმნის საფუძველს, რომ გამოძიებამ ინციდენტი არა მხოლოდ ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად, არამედ შესაძლო სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულად შეაფასოს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ დისკრიმინაციული მოტივი საქმის გამომწვევი მიზეზია და სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, აქტიურად გამოიკვლიოს ლინგვისტური და რელიგიური შეუწყნარებლობის ფაქტი, დაადგინოს ყველა მონაწილე პირის პასუხისმგებლობა, დამოუკიდებლად შეისწავლოს საჩივრის გამოტანისკენ მიმართული შესაძლო ზეწოლა და უზრუნველყოს დაზარალებულთა უსაფრთხოება.
SJC მოუწოდებს შსს-სა და პროკურატურას საქმეს სათანადო კვალიფიკაცია მისცენ, ხოლო მთავრობასა და სახელმწიფო მინისტრის აპარატს – საჯაროდ დაგმონ ძალადობა, შეიმუშაონ ნდობის აღდგენისა და მრავალფეროვნების მხარდამჭერი პოლიტიკა და გადახედონ მუსლიმი მესხების რეპატრიაციისა და მოქალაქეობის პოლიტიკას ბიუროკრატიული ბარიერების აღმოსაფხვრელად.
ინციდენტს გამოეხმაურნენ თურქეთშიც. 21 ივლისს თურქეთის პარლამენტში მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ არდაჰანის დეპუტატი ქაან ქოჩი სიტყვით გამოვიდა და საქართველოში მომხდარი ფაქტი დაგმო. მიუხედავად იმისა, რომ მან ქართველ სამართალდამცავებს მადლობა გადაუხადა, ხაზი გაუსვა, რომ „თურქი მესხები უპატრონოები არ არიან“.
„დღეს არც 1877-1878 წლების ომის და არც 1944 წლის დეპორტაციის პირობები აღარ არის. ყველამ ამ ცნობიერებით უნდა იმოქმედოს და არასოდეს გაბედოს მესხი თურქების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციები. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ახალციხეში მშვიდობის, ძმობისა და თანაცხოვრების კულტურის შენარჩუნება. გვწამს, რომ მეგობარი და მეზობელი საქართველო კვლავაც ამ მგრძნობელობით იმოქმედებს.
ყველამ უნდა იცოდეს, რომ მესხი თურქები უსამშობლოდ და უპატრონოდ არ არიან. მათ გვერდით ყოველთვის დგას თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო და ბატონი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი,“ – განაცხადა ქოჩმა.
