საქართველოში გამოკითხული 18-დან 35 წლამდე ასაკის მოქალაქეების 65 % ამბობს, რომ მათ ინტერესს არცერთი პოლიტიკური პარტია არ გამოხატავს. NDI-ის კვლევის თანახმად, მსგავსი პოზიცია გააჟღერეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების 30-მა და ოპოზიციის მხარდამჭერების 37 %-მა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, პროცენტულად, თბილისში ცხოვრობს ყველაზე მეტი (59 %) ისეთი მოქალაქე, რომელიც მიიჩნევს, რომ მის ინტერესებს არცერთი პარტია არ გამოხატავს. იგივეს ფიქრობს პატარა ქალაქებში (57 %), სოფლებში (56 %), დიდი ქალაქებისა (54 %) და უმცირესობათა დასახლებებში (48 %) მცხოვრები მოქალაქეების დიდი ნაწილიც.
ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არც მმართველი პარტია და არც არჩეული ოპოზიციური პარტიები არ მოქმედებენ. 14 %-ით არის გაზრდილი მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ოპოზიციური პარტიები ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე არ მუშაობენ.
მმართველი პარტიის მიმართ ყველაზე დადებითად ეთნიკური უმცირესობებისა და სოფლის ტიპის დასახლებებში არიან განწყობილნი. მაგალითად, თუ უმცირესობების დასახლებებში მცხოვრებთა 46 % ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, თბილისში ეს განწყობა გამოკითხულთა მხოლოდ 26 %-ს, ხოლო დიდ ქალაქებში 31 %-ს აქვს.
ამომრჩეველთა უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. გამოკითხული მოქალაქეების 54 %-მა არ იცის, რომელი პარტია დგას მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, ან ასეთ პარტიას არ ასახელებს. გამოკითხულთა 25 % საკუთარ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად „ქართული ოცნებას“, 8 % „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 13 % სხვა პარტიას მიიჩნევს.
ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმრავლესობა - 66 % მასში მონაწილეობას მიიღებდა, თუმცა, NDI-ის განმარტებით, პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.
არჩევნებზე წასვლაზე უარს ყველაზე ხშირად ეთნიკური უმცირესობების დასახლებაში მცხოვრები, ასევე, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ამბობდა.
NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა CRRC საქართველოს მიერ, 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. გამოკითხვა 2104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 %-ია.
