საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ირაკლი ჩომახაშვილი და ირაკლი ყანდაშვილი მიიღებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
არჩევნებში ასოციაციის თავმჯდომარეობის მსურველი ექვსი კანდიდატი დარეგისტრირდა – ნიკოლოზ კვანტრიშვილი, გიორგი მარიამიძე, მუხრანი ღურწკაია, ირაკლი ყანდაშვილი, ირაკლი ჩომახაშვილი და მანუჩარ ჭუმბურიძე.
14 დეკემბერს გამართულ პირველ ტურში სულ 2751 ადვოკატმა მიიღო მონაწილეობა. ირაკლი ჩომახაშვილმა 1109 ხმა მიიღო, ირაკლი ყანდაშვილმა კი – 1283. თავმჯდომარე პირველივე ტურში არჩეულად ჩაითვლებოდა, თუ ერთ-ერთი კანდიდატი ხმების უბრალო უმრავლესობას (50%+1), ანუ 1376 ხმას მიიღებდა.
არჩევნების მეორე ტური მომდევნო 14 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. გაიმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც სხვა კანდიდატზე მეტ ხმას მიიღებს.
„იმ პირობებში, როდესაც უამრავი დისკრედიტაცია და ტყუილი ვრცელდებოდა ჩემზე, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ადვოკატს, ყველა ჩემს კოლეგას, რომელმაც მხარი დამიჭირა და არჩევნებში მონაწილეობა მიიღო“, – განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა, რომელიც პროევროპულ აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების ადვოკატიცაა. ამის გამო სამთავრობო პროპაგანდისტული მედია მას „რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერად“ მოიხსენიებს.
ირაკლი ყანდაშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატად მიიჩნევა, ადვოკატთა ასოციაციის პოლიტიზირების მცდელობაზე საუბრობდა. „ერთ მხარეს არის პროფესია და პროფესიული ინტერესი, მეორე მხარეს - კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი. ეს არის მიუღებელი“, – ყანდაშვილი ადვოკატებს ჰპირდება, რომ თავმჯდომარედ მისი არჩევის შემთხვევაში, „არავის არ ეღირსება, მოახდინოს ადვოკატთა ასოციაციის, როგორც ინსტიტუციის პოლიტიზირება“.
ბოლო 8 წლის განმავლობაში სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ასათიანია.
