სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი წარუდგინეს. ადვოკატ რობერტ გრიგალაშვილის განცხადებით, საქმის მასალებს ჯერ არ გასცნობია, მაგრამ თავად ბრალდებულს მიაჩნია, რომ მისთვის წარდგენილი ბრალის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულება საქმეში ვერ იქნება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 5 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 6 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს. დანაშაული 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
„აღნიშნულ ბრალდებაში გრიგოლი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ჯერჯერობით საქმის მასალები არ გადმოგვცემია, მხოლოდ მოხდა ბრალდების წაყენება. ბრალდების დადგენილება რამდენიმე ფურცლიანია, სადაც აღწერილია ქმედებები, რასაც პროკურატურა გვედავება, მაგრამ სისხლის სამართლის მასალებს არ ვიცნობთ, არ გადმოგვცემია, რომ გადმოგვეცემა და შევისწავლით, გვექნება ჩვენი მოსაზრება. ბატონ გრიგოლს მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს პირდაპირი მტკიცებულებები ამ ბრალდებაში ასახულ გარემოებებზე“, - განაცხადა რობერტ გრიგალაშვილმა.
ადვოკატის თქმით, სასამართლოში დააყენებს შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების გამოყენების გარეშე გრიგოლ ლილუაშვილის გათავისუფლების თაობაზე.
გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც სუს-ს 2019 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის აპრილამდე ხელმძღვანელობდა, დღეს, 23 დეკემბერს დააკავეს გენერალურ პროკურატურაში, სადაც ის ადვოკატთან ერთად გამოკითხვაზე იყო მისული.
„ეტყობა, რაღაც დეტალები აინტერესებთ რაღაც საქმეზე, მართლა არ ვიცი რა საქმეა... ჩვენება არ მიმიცია არასოდეს, პირველად ვარ“, - განაცხადა ლილუაშვილმა პროკურატურაში შესვლამდე. შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა რომ დააკავონ, მან თქვა, რომ „ღვთის ნებაა ყველაფერი“ და ვერაფერს გამორიცხავდა.
პროკურატურა, ამ ეტაპზე, ლილუაშვილს ქრთამის აღების ოთხ ეპიზოდს ედავება:
- 2022 წლის ოქტომბრის თვეში, გრიგოლ ლილუაშვილმა თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით აიღო 1 მილიონი აშშ დოლარი, რათა მას ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის.
- 2022 წლის თებერვლის თვეში, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 1 500 000 ლარი.
- პროკურატურა აცხადებს, რომ 2021-2023 წლებში ქვეყანაში არსებული თაღლითური ქოლ-ცენტრების „უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ“. გრიგოლ ლილუაშვილს „ქოლ-ცენტრების შედარებით მცირე ნაწილის“ მფარველობაში ადანაშაულებენ. ამ ეპიზოდში ლილუაშვილს ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, ქრთამის სახით დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარის მიღებას ედავებიან.
- გრიგოლ ლილუაშვილი ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. „ატკატებს“ იღებდა.
პროკურატურა სასამართლოს ლილუაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.
