„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ეუთო/ოდირი) სადამკვირვებლო მისიის მოწვევას არ აპირებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 2 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
- 3 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
- 4 „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის შემდეგ აქციის მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს
- 5 ტრამპი ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ყაველაშვილის პრესსამსახური
- 6 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
კობახიძემ თქვა, რომ „სტანდარტული პრაქტიკით“ თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირს არ იწვევენ. მისივე განმარტებით, სხვა ქვეყნებშიც ეს მხოლოდ „გამონაკლის შემთხვევებში“ ხდება.
„გადახვევები ხდება. ჩვენც გვქონდა ასეთი გადახვევა, მაგალითად, 2021 წელს, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაცნაირად ეს არჩევნები იყო დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნების თემასთან.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში, ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება აბსოლუტურად ჯანსაღი ფორმით.
იცით, რომ ეუთო/ოდირი აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებს და დადო სათანადო დასკვნა, თუმცა არავინ დაინტერესდა ამ დასკვნით და დღეს, იგივე ადამიანები, რომლებმაც სრული იგნორირება გაუკეთეს ეუთო/ოდირის დასკვნას, გვთხოვენ ეუთო/ოდირის მოწვევას“, - განაცხადა კობახიძემ.
ეუთო/ოდირი 2006 წლიდან მუნიციპალურ არჩევნებს საქართველოში 4-ჯერ დააკვირდა - 2006, 2010, 2017 და 2021 წლებში. საქართველოს გარდა, 1997 წლიდან 2024 წლის ჩათვლით ეუთო/ოდირმა სადამკვირვებლო მისია სხვა 13 ქვეყანაში გამართულ 34 ისეთ ადგილობრივ არჩევნებზეც მიავლინა, რომელიც არ ემთხვეოდა სხვა ტიპის კენჭისყრას.
ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მოწვევისკენ „ქართული ოცნების“ მთავრობას ბრიტანეთის საელჩომ მოუწოდა.
„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირის მისია ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების დასაკვირვებლად და გაითვალისწინოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშში გაცემული ყველა რეკომენდაცია“, - ნათქვამია ბრიტანეთის საელჩოს მიერ 18 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს. ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გარეშე, ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს პარტია „გახარია საქართველოსთვის“. საბოლოო გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული „ლელო - ძლიერ საქართველოს“, თუმცა პარტიის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, „ქვეყნის გათავისუფლება და დეოკუპაცია რუსული ხელისუფლებისგან უნდა დაიწყოს თბილისიდან“ და „არ შეიძლება ამ გამარჯვების ბრძოლის გარეშე დათმობა - ეს იქნება დიდი უპატიებელი შეცდომა“.
