ჟურნალისტმა თეონა ბაკურიძემ, რომელიც 2020 წლის მარტში, აჭარის ტელევიზიის მაშინდელი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის ბრძანებით ჯერ მთავარი საინფორმაციო გამოშვების ეთერს ჩამოაშორეს, შემდეგ კი სამსახურიდან გაათავისუფლეს, სააპელაციო სასამართლოში დავა მოიგო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ (მალხაზ ჩუბინიძე, ირმა პერანიძე და ინდირა მაჩალეიშვილი) ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძის გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა და ჟურნალისტის გათავისუფლების, ასევე ეთერიდან მოხსნის შესახებ ბრძანებები ბათილად ცნო.
თეონა ბაკურიძე სამსახურში აღდგენას და დისკრიმინაციის დადგენასაც ითხოვდა. იმის გამო, რომ მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანის პოზიცია დაკავებულია, სასამართლომ მაუწყებელს თეონა ბაკურიძისთვის კომპენსაციის სახით ექვსი თვის განაცდური ხელფასის გადახდა დააკისრა. დისკრიმინაციის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაზეც ჟურნალისტი დავის გაგრძელებას აპირებს.
„არ ვიცი, შერცხვება თუ არა პირველი ინსტანციის მოსამართლეს, მაგრამ მახარებს, რომ სისტემაში არიან კეთილსინდისიერი მოსამართლეებიც. სისტემამ, რასაც ვუპირისპირდებოდით, მაშინაც იცოდა, რომ უკანონო იყო ჩემი გათავისუფლება, მაგრამ მათ სჭირდებოდათ დრო, რომელიც მოიგეს - 4 წელი, სჭირდებოდათ ჩვენი ჩამოცილება სარედაქციო პოლიტიკიდან. ჩვენ მაშინაც ვიცოდით, რომ „ოცნების“ ხელისუფლების მთავარი მიზანი იყო აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება. შეგიძლიათ ერთ გამოშვებას შეხედოთ და ამაში თქვენც დარწმუნდებით,“ - ასე გამოეხმაურა სასამართლოს გადაწყვეტილებას თეონა ბაკურიძე, რომელიც ამჟამად ტელეკომპანია „ფორმულაში“ მუშაობს.
თეონა ბაკურიძის ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იცავს.
მას შემდეგ, რაც 2019 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ დირექტორის თანამდებობიდან ნათია კაპანაძე გადააყენა და მის ნაცვლად გიორგი კოხრეიძე აირჩია, მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა დაიწყო. ახალმა დირექტორმა გაათავისუფლა არაერთი ჟურნალისტი, ვინც შეცვლილ სარედაქციო პოლიტიკას აკრიტიკებდა, ზოგმა კი სამსახური ზეწოლის შედეგად დატოვა. ყოფილი თანამშრომლების ნაწილმა სასამართლო დავა მოიგო - მათ შორის არიან ახალი ამბების სამსახურის ყოფილი უფროსი შორენა ღლონტი და გადაცემა „ჰეშთეგის“ ყოფილი წამყვანი მალხაზ რეხვიაშვილი. რამდენიმე სარჩელის განხილვა ჯერ დასრულებული არ არის.
