აჭარაში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 72 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ აჭარაში ჩატარებული ერთობლივი სპეცოპერაციის „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 72 პირი დააკავეს, მათ შორის სამი ქალი.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

გეკა გელაძის განცხადებით, კიდევ 5 პირს ბრალი წარედგინა პენიტენციურ დაწესებულებაში ან დაუსწრებლად, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს.

გამოძიების ვერსიით, დაკავებულები მონაწილეობდნენ „ქურდულ გარჩევებში“, უკავშირდებოდნენ ე.წ. კანონიერ ქურდს, ასლან ქობულაძეს და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებულ ფინანსურ და კრიმინალურ დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს. მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ, ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა და სხვა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულებს შორის არიან ძმები რეზო და ფირუზ წულუკიძეები, რომლებიც ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე აიყვანეს. ოჯახის წევრები წარდგენილ ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ძმები პირიქით, კრიმინალურ სამყაროს ებრძვიან.

აღსანიშნავია, რომ წულუკიძეები 2024 წლის ნოემბერში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. მანამდე ისინი რიონის ხეობაში ძალადობის ბრალდებით იყვნენ მსჯავრდებულები, რასაც თავად ხელისუფლების მიერ მოწყობილ პროვოკაციად აფასებდნენ.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმ პირების დაკავების შესახებ, რომლებიც რამდენიმე დღის წინ პოლიციის მხრიდან შესაძლო დევნასა და ნარკოტიკების ჩადების საფრთხეზე საუბრობდნენ.

სპეცოპერაციას ხელვაჩაურში ინციდენტი მოჰყვა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაკავებისას გაისროლეს, რის შედეგადაც ერთ-ერთი დაკავებულის დედა ფეხის არეში დაიჭრა. ოჯახი მომხდარზე გამოძიებისა და ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.

გეკა გელაძის განმარტებით, არანაირი დაჭრის ფაქტს ადგილი არ ჰქონია: „საპოლიციო ღონისძიების დროს აუცილებელი გახდა, რომ მოქმედებაზე გადასულიყო სპეცდანიშნულების რაზმი და შესაბამისად, ფანჯრის ერთ-ერთი მინის ნამსხვრევებისგან მიიღო ქალბატონმა მცირედი დაზიანება. კლინიკამ გააკეთა შესაბამისი განმარტება და ქალბატონი უკვე გაწერილია სახლში,“ - განაცხადა გელაძემ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.