ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და მისი მეუღლე, უშა ვენსი დღეს და ხვალ, 9-10 თებერვალს, ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 2 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 3 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 კობახიძე სტამბოლის კონვენციიდან შესაძლო გასვლაზე - მზად ვართ, ამ საკითხზე ვიმუშაოთ
- 6 მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, 9 თებერვალს, საღამოს, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდება. ფაშინიანი და ჯეი დი ვენსი შეხვედრის შემდეგ განცხადებებს გააკეთებენ.
ხვალ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი აზერბაიჯანის დედაქალაქში გაემგზავრება. აზერბაიჯანულ მხარეს ვიზიტის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
აღნიშნული ვიზიტი იტალიაში, მილანში, 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაში ჯეი დი ვენსის მონაწილეობის შემდეგ იმართება.
რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტ ვენსს ერევანსა და ბაქოში ვიზიტის დროს ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიკობ ჰელბერგი შეუერთდება. დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, ვიზიტი ხელს შეუწყობს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას და პროექტს - „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ“ (TRIPP).
გასულ წელს, ვაშინგტონში აშშ-ის შუამავლობით სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს. თეთრ სახლში პარაფირებული დოკუმენტი ორივე მხარეს ავალდებულებს გახსნან ძირითადი სატრანსპორტო მარშრუტები, გააფართოვონ თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან ენერგეტიკის, ტექნოლოგიებისა და ეკონომიკის სფეროში და განავითარონ რეგიონული კავშირები TRIPP-ის ფარგლებში.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მარშრუტში საქართველო არ არის, რაც, ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, „ქართული ოცნების“ იზოლაციაზე მიუთითებს. „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველშვილმა განაცხადა, რომ ის ჯეი დი ვენსს იტალიაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საზეიმო ვახშამზე შეხვდა.
„რა თქმა უნდა, მცირე საქმიანი საუბარიც შედგა. მისი მხრიდან გაჟღერებული იყო, რომ დიახ, ისინი ფლობენ ინფორმაციას და აუცილებლად მოხდება უფრო მჭიდრო ურთიერთობების განახლება. ბევრი პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში, მან განაცხადა, რომ ისინი ინფორმირებული არიან, კიდევ მეტ ინფორმაციას იღებენ და აუცილებლად ეცდებიან, რომ განაახლონ ჩვენთან ურთიერთობა“, - განაცხადა ყაველაშვილმა პროპაგანდისტული ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა 2024 წლის ბოლოს შეაჩერა, რასაც წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. აგენტების კანონის მიღება და პარტიის ლიდერების ანტიდასავლური რიტორიკა.
