თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ, 13 სექტემბერს, აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმის პროკურორის გიორგი ლილუაშვილის განცხადებით, არსებობდა ბრალდებულის მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 3 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 4 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
- 5 1920 წელს რუსეთის არმია შემოიჭრა და აზერბაიჯანი დაიპყრო, სახელმწიფო წაგვართვეს – ალიევი
- 6 სომხეთში რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
„მას არაერთხელ აქვს გადაკვეთილი სახელმწიფო საზღვარი, აქვს კონტაქტები საზღვარგარეთ, ამიტომ არსებობს მისი მიმალვის საფრთხე. ასევე, გამოსაკითხი არიან თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეც“, - თქვა პროკურორმა სასამართლო სხდომაზე.
თავდაცვის ყოფილ მინისტრს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.
გამოძიების თანახმად, 2023 წელს საქართველოს თავდაცვის იმდროინდელმა მინისტრმა ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება მისთვის და მისი ნათესავისთვის გამორჩენის მისაღებად. კერძოდ, მისი მითითებით, თავდაცვის მინისტრის იმდროინდელმა მოადგილემ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალისთვის სამედიცინო აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის ღირებულება და 2 606 272 ლარად ღირებული აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიეწოდა 3 940 000 ლარად. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, 2025 წლის იანვარში, მეუღლესთან ერთად 544 000 ევროდ შეიძინა ესპანეთში მდებარე მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული სახლით. ამ თანხის წარმოშობის დამალვის მიზნით, 2024 წელს თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლესა და მესამე პირს შორის გაფორმდა დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება, რეალურად კი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ოჯახს ეს ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა.
სასამართლო სხდომაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ თქვა, რომ ესპანეთში ბინა წყნეთში გაყიდული სახლის თანხით შეიძინა.
„ესპანეთის სახლის ქონება გადავიხადე დედაჩემის ქონებით და ჩემი ქონების გაყიდვით. რაც შეეხება დეკლარაციას, ამ სახლს დეკლარაცია არ უწევდა, 2025 წელს შევიძინე. არანაირი მოწმე არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით ირიბ მოწმეს. 8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ, რომ გამიშვათ ციხეში“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
ადვოკატმა დიმიტრი ხაჩიძემ სასამართლოს მისთვის 100 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდება და პასპორტის ჩაბარება შესთავაზა იმის დასტურად, რომ ბრალდებული მიმალვას და ქვეყნის დატოვებას არ აპირებს, რაც მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ არ გაითვალისწინა.
წინასასამართლო სხდომა 3 ნოემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბურჭულაძეს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
სუს-ის მიერ ამავე საქმეზე უკვე დაკავებულები არიან და წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან - გიორგი ხაინდრავა, თავდაცვის მინისტრის (ჯუანშერ ბურჭულაძის) ყოფილი მოადგილე; ვლადიმერ ღუდუშაური - თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი; ვასილ მხეიძე - ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმა.
ბურჭულაძე თავდაცვის მინისტრი 2021-2024 წლებში იყო, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში.
