71% ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, თუმცა 87% უკმაყოფილოა ტემპით - კვლევა

„EU NEIGHBOURS EAST“-ის საზოგადოებრივი აზრის ყოველწლიური კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერად რჩება. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მოქალაქეთა 71% უჭერს მხარს, 87% კი მიიჩნევს, რომ ამ გზაზე ქვეყანამ მეტი უნდა გააკეთოს

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის სექტემბრის კვლევასთან (74%) შედარებით, მხარდაჭერის მაჩვენებელი 3 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. ამასთან, გამოკითხულთა 79% მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის უფრო ხელსაყრელი და მომგებიანი იქნება.

მოსახლეობა გაწევრიანების მთავარ უპირატესობებად ასახელებს:

  • უკეთეს მომავალს ბავშვებისთვის (47%);
  • მშვიდობასა და უსაფრთხოებას (47%);
  • განათლების პოლიტიკისა და შესაძლებლობების გაუმჯობესებას (44%).

გაწევრიანების ვადებთან დაკავშირებით მოლოდინები არაერთგვაროვანია: 27% ამას უახლოეს 5 წელიწადში ელის, 24% - 5-დან 15 წლამდე პერიოდში, 7% მიიჩნევს, რომ პროცესს 15 წელზე მეტი დასჭირდება, ხოლო 12% სკეპტიკურადაა განწყობილი და მიიჩნევს, რომ საქართველო ევროკავშირში არასდროს გაწევრიანდება.

ევროკავშირი რჩება ყველაზე სანდო საერთაშორისო აქტორად (67%). ის მნიშვნელოვნად უსწრებს სხვა საერთაშორისო პარტნიორებს: მსოფლიო ბანკს (63%), აშშ-ს (58%), გაეროსა (54%) და ნატოს (54%). ამასთან, მოქალაქეთა 40%-ს ევროკავშირის შესახებ მკვეთრად დადებითი წარმოდგენა აქვს, 50% ნეიტრალურია, ხოლო 8% უარყოფითად არის განწყობილი.

მაღალი მხარდაჭერის პარალელურად, საზოგადოებაში ქვეყნის პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით შეშფოთება შეინიშნება:

  • 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციისკენ არასწორი მიმართულებით მიიწევს.
  • 56% აცხადებს, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შესახებ ბოლოდროინდელი კანონები გაწევრიანების პროცესზე უარყოფითად აისახება.
  • 87% თანხმდება, რომ ქვეყანამ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მეტი უნდა გააკეთოს.

გაწევრიანების მთავარ დაბრკოლებად მოქალაქეები პოლიტიკური ნების არარსებობას (34%), ტერიტორიულ დავებსა და ოკუპაციას (13%) და მოთხოვნილი სტანდარტების დაკმაყოფილების შეუძლებლობას (13%) მიიჩნევენ. გარდა ამისა, შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვისაც მიაჩნია, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობები აქვს (2025 წლის 63%-დან 2026 წელს 60%-მდე).

კვლევამ გამოავლინა მოსახლეობაში არსებული კონკრეტული შიშები და სკეპტიციზმი. მიუხედავად იმისა, რომ 76% ევროკავშირთან სიახლოვეს ახალ შესაძლებლობებთან აკავშირებს და 75% თვლის, რომ წევრობა უსაფრთხოებას გააძლიერებს, გამოკითხულთა 51% ფიქრობს, რომ ევროკავშირს ფარული ინტერესები აქვს, ხოლო 43% ამბობს, რომ ის საკუთარ ღირებულებებს ახვევს თავს საზოგადოებას.

ევროკავშირის წევრობის მთავარ პრობლემებად მოქალაქეები ახალგაზრდობის გადინებასა და ემიგრაციას (35%), იმიგრაციის მაღალ დონესა (22%) და კულტურული იდენტობისა და ტრადიციული ღირებულებების დაკარგვას (15%) მიიჩნევენ.

ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის შესახებ ინფორმაციის მიღების მაჩვენებელი 14 პროცენტული პუნქტით შემცირდა (40%-მდე). ამასთან, გამოკითხულთა 86% დეზინფორმაციას ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან საფრთხედ მიიჩნევს.

ფინანსურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით, მოსახლეობის 70% ინფორმირებულია, მათგან 48% ამ დახმარებას ეფექტურად მიიჩნევს, 24% კი ევროკავშირს ქვეყნის უმსხვილეს ფინანსურ მხარდამჭერად ასახელებს.

კვლევა 2026 წლის იანვარ-თებერვალში 1200 რესპონდენტთან პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.