7 წლით პატიმრობა მიესაჯათ პაატა ბურჭულაძესა და სხვა პოლიტიკოსებს

2025 წლის 4 ოქტომბრის ე.წ. „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეზე ბრალდებულ პოლიტიკოსებსა და სხვა პირებს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. ათ ბრალდებულს სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

პაატა ბურჭულაძეს (საოპერო მომღერალსა და პოლიტიკოსს), მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა (პოლიტიკოსებს) და ლაშა ბერიძეს (თადარიგის პოლკოვნიკს) - 7-7 წლით პატიმრობა მიესაჯათ; თორნიკე მჭედლიშვილს, ნიკა გვენცაძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას - 5-5 წლით; ხოლო ირაკლი შაიშმელაშვილს (შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანს), რომელიც აშშ-ში იმყოფება - 2 წლით.

ბრალდებულთა მიმართ გამოძიება რამდენიმე მძიმე მუხლით მიმდინარეობდა: სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა; საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.

კონკრეტულად, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავასა და ირაკლი ნადირაძეს ბრალი სამივე ზემოაღნიშნული მუხლით ჰქონდათ წარდგენილი.

პროცესზე პაატა ბურჭულაძემ საბოლოო სიტყვით ისარგებლა და განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს: ბრალდებულს ეძლევა ბოლო სიტყვა იმისთვის, რომ იმართლოს თავი; მე არაფერი მაქვს თავის სამართლებელი და მიმაჩნია, რომ სწორ გზაზე ვდგავარ. ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში. ორივე ბრძოლის ფრონტია ამ მოღალატეების წინააღმდეგ. ბატონო მოსამართლე, ჩემი ასაკიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ორმადიდად პატივცემულმაპროკურორმა სსკ-ის 225- მუხლის სახით ხელმოსაწერად მოგართვათ ჩემი ნეკროლოგი.“

ბურჭულაძემ ასევე მადლობა გადაუხადა ნოდარ მელაძესა და მის გუნდს საგამოძიებო რეპორტაჟებისთვის, რომლებმაც, მისი თქმით, ბრალდების ვერსიები გააქარწყლა.

ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ საქმესთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა. ორგანიზაციის შეფასებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადგილი ჰქონდა ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციას.

„რეჟიმის ძალისხმევა, რომ ეს მოვლენები შეფასებულიყო, როგორც კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობა, ჩავარდა. ჩავარდნის მთავარი მიზეზი საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ეჭვია, რომ არ არსებობდა არავითარი „დამხობის“ გეგმა და ყველაფერი დანაშაულის პროვოკაციის შედეგია. 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პირები პოლიტიკური დევნის ობიექტები და პოლიტიკური პატიმრები არიან“, - ნათქვამია განცხადებაში.

NGO-ს განცხადებით, ქვეყანაში, სადაც 230-ზე მეტი ოფიციალური პირი, მათ შორის 47 მოსამართლე და 17 პროკურორი, საერთაშორისო სანქციების ქვეშაა, პოლიტიკური დევნა „ჩვეულებრივ მოვლენად“ იქცა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.