4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 7 დემონსტრანტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ 7 პირს - ვლადიმერ გველესიანს, ნიკა გვენცაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ზურაბ ჭავჭანიძეს, კონსტანტინე კოკაიას და კობა ეპიტაშვილს. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 27 ნოემბერს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

პროკურატურა ვლადიმერ გველესიანს, ნიკა გვენცაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ზურაბ ჭავჭანიძეს, კონსტანტინე კოკაიას სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების ჯგუფურ მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება, ხოლო კობა ეპიტაშვილს - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.

ბრალდების მხარის მტკიცებით, ბრალდებულებმა „ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების მოწოდებების შესაბამისად“, „იერიში მიიტანეს და ფიზიკური ზემოქმედებით დააზიანეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის დამცავი ღობე და შეიჭრნენ ეზოში“.

„შენობის ხელში ჩაგდებისა და ეზოში მობილიზებული სამართალდამცველების წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით, ბრალდებულები მათ მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას, ისროდნენ რკინის კონსტრუქციებსა და სხვა საგნებს, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. უწყება აცხადებს, რომ კობა ეპიტაშვილმა პოლიციელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ზურაბ ჭავჭანიძის ადვოკატის, ნინო ლომინაძის განცხადებით, ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარადგინა ვერცერთი მტკიცებულება, მათ შორის, ვიდეომასალის სახით.

„საქმეში არ არსებობს მტკიცებულება - თუნდაც დამონტაჟებული, თუნდაც ირიბი - სადაც ასახული იქნება, რომ ჭავჭანიძემ განახორციელა რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება. როგორც ვიცი, და აუცილებლად იქნება ჩვენს მიერ მოძიებული, როდესაც 4 ოქტომბრის მოვლენები პირდაპირ ეთერში გადიცემოდა, ჭავჭანიძე იყო კადრში და იქ მყოფებს მოუწოდებდა, არ განხორციელებულიყო ძალადობა. ერთადერთი, რასაც ის აქციაზე აკეთებდა, აფრიალებდა საქართველოს დროშას, ევროკავშირის დროშასთან ერთად. ის, რასაც მას დღეს ედავებიან, აბსურდული ბრალია“, - აღნიშნა ადვოკატმა.

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, ამ დროისთვის, 46 ადამიანია დაკავებული. „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით მიმდინარეობს:

  • 317-ე მუხლი – კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება
  • 222-ე მუხლი – სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება
  • 225-ე მუხლი – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა
  • 187-ე მუხლი – ნივთის დაზიანება ან განადგურება

4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ „ძალაუფლება მთლიანად ეკუთვნის ქართველ ხალხს“ და შინაგან საქმეთა სამინისტრო ხალხს უნდა დაემორჩილოს. აქციის მონაწილეებს მურთაზ ზოდელავამაც მიმართა და თქვა: „დღეს ჩვენ აქ ვიდგებით, მაგრამ მამაკაცური ძალა დღეს დაიწყებს მოქმედებას“. მან „მამაკაცურ ძალას“ ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის სასახლისკენ წასვლისკენ მოუწოდა. „ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს. ეს იქნება პირველი ნაბიჯი“, - თქვა ზოდელავამ. დემონსტრანტებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ღობე გაარღვიეს. სპეცრაზმმა მათ დასაშლელად წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ხელისუფლების დამხობის მცდელობა“ ჩავარდა, უკლებლივ ყველა, ვინც ძალადობაში მონაწილეობდა, „დამხობის მცდელობის თანაშაულის ამსრულებელია“ და მკაცრად დაისჯება. მალევე დააკავეს აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე. მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.