საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების გამართვამდე ერთი დღით ადრე განცხადებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ „არჩევნები ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკური ანგარიშსწორების ფონზე ტარდება“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 3 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 4 სომხეთში რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
- 5 მამულაშვილი კინოიანზე: რუსეთის იურისდიქციაში მოხვედრა სიკვდილის ტოლფასია
- 6 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მოძალადეები ზაზა მამალაძე და ირაკლი ბაუჩიძე გაათავისუფლეს
ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ დოკუმენტირებული აქვს რეპრესიების ფართომასშტაბიანი კამპანია, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმება შემზღუდავი კანონებითა და სადამსჯელო ზომებით, ასევე, მომიტინგეების თვითნებური დაკავება და არასათანადო მოპყრობა, რაც ფართოდ არის გავრცელებული.
„ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე თავდასხმის ფონზე, საქართველოს ხელისუფლება საარჩევნო კამპანიას ისეთ კონტექსტში ატარებს, სადაც ადამიანების გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებები ირღვევა.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებები და შეწყვიტოს პოლიციის ძალის უკანონო გამოყენება, თვითნებური დაკავებები და მომიტინგეების წამება ან მათ მიმართ სხვა სახის არასათანადო მოპყრობა.
ამ დარღვევებმა ქვეყანა უკვე ჩააგდო ადამიანის უფლებების ღრმა კრიზისში 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ“, - განაცხადა დენის კრივოშეევმა, Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილემ.
ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პატიმრობაში რჩება ცხრა ოპოზიციური ფიგურა, რომელთაგან ბოლოს, 29 სექტემბერს, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია დააკავეს.
Amnesty International-ის განცხადებით, სისხლის სამართლის სისტემის ბოროტად გამოყენება კრიტიკოსების გაჩუმების მიზნით არღვევს გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებებს.
განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია შემზღუდავი კანონებითა და ფართო სპექტრის სამართლებრივი ზომებით დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებისა და მედიის გაჩუმების მცდელობაზეც.
„საქართველოში შესვლაზე უარი უთხრეს სულ მცირე ერთ უცხოელ ჟურნალისტს, რომელსაც არჩევნების გაშუქება სურდა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
4 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. კენჭისყრას პროდასავლური ოპოზიციის უდიდესი ნაწილი ბოიკოტს უცხადებს. მათ შორის არიან ისეთი პარტიები, როგორებიცაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ახალი“, „ფედერალისტები“, „თავისუფლების მოედანი“, „ევროპული საქართველო“ და „ანა დოლიძე - ხალხისთვის“.
არჩევნებს არ დააკვირდება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ოდირი). ორგანიზაციამ განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან მოწვევა მიიღეს მაშინ, როდესაც არჩევნებამდე თვეზე ნაკლები იყო დარჩენილი, რაც არ არის საკმარისი დრო სანდო და მნიშვნელობის მქონე დაკვირვებისთვის.
კენჭისყრას არ დააკვირდებიან გამოცდილი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნები“. 31-წლიანი არსებობის განმავლობაში პირველად, არჩევნებს ტრადიციული სადამკვირვებლო მისიით ვერ დააკვირდება „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“.
