4 კითხვა „იგლ ჰილსის“ პროექტზე, რომელსაც, კუპრაძის თქმით, კობახიძემ უნდა უპასუხოს

პარტია „ლელო - ძლიერი საქართველო“ კიდევ ერთხელ ითხოვს კომპანია „იგლ ჰილსთან“ ე.წ. არაბული ქალაქების მშენებლობაზე გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებას.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„თქმა იმისა, თითქოს სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეების ინტერესი არის დაცული, არ არის დამაჯერებელი იმ ხელისუფლების მხრიდან, რომელის თითოეული თანამდებობის პირი - დაწყებული პრემიერ-მინისტრიდან, დამთავრებული აუდიტის სამსახურებით - კორუფციაშია ბრალდებული, მხილებული და განსასჯელის სკამზე ზის. კორუფციაში ჩაბმული „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ იმსახურებს, რომ მსგავსი მნიშვნელობის პროექტზე გასაიდუმლოებულ ხელშეკრულებაში ენდოს საქართველოს მოქალაქე“, - განაცხადა „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

კუპრაძე „ქართული ოცნების“ პარლამენტში დაგეგმილ ინტერპელაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „არაბულ ანკლავებთან დაკავშირებით პროპაგანდისტულ შოუს“ წარმოადგენს.

„ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ამ თვეების განმავლობაში ანტიქართული „ოცნება“ და ივანიშვილი ცდილობენ ეს პროექტი შემოასაღონ - ეროვნული ინეტერესების ღალატის ნაცვლად - როგორც მნიშვნელოვანი პროექტი.

ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ ანტიქართული და ანტიეროვნული „ოცნება“ აპირებს 9 მილიონი კვადრატული მეტრის, საუკეთესო ტერიტორიების გადაცემას არაბული კომპანიისთვის. ამ ყველაფერს არანაირი კავშირი და შეხება არ აქვს ინვესტიციასთან. ეს არის საქართველოს სიმდიდრის გაცემა ყოველგვარი რაციონალური არგუმენტაციის, ყოველგვარი ეკონომიკური და ეროვნული ინტერესების გათვალისწინების გარეშე.

ირაკლი კობახიძე არ გასცემს პასუხს არცერთ კრიტიკულ შეკითხვას და ის 15 შეკითხვა, რომელიც რეგისტრირებულია, ანტიქართული „ოცნების“ დეპუტატების მიერ დასმული იქნება ისე, რომ ირაკლი კობახიძეს მიეცეს საშუალება, პროპაგანდისტული გზავნილებით უპასუხოს“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

„ლელოს“ ლიდერის თქმით, პასუხი უნდა გაეცეს რამდენიმე მნიშვნელოვან შეკითხვას:

  • პირველი - სასწარაფოდ უნდა გასაჯაროვდეს ის ხელშეკრულება, რომელიც ივანიშვილმა და ირაკლი კობახიძემ გაასაიდუმლოეს. ეს ეხება არაბული კომპანიისთვის ქართული მიწის 9 მილიონი კვადრატული მეტრის გადაცემას კონკრეტული პირობების გარეშე. ეს ხელშეკრულება არ იძლევა სანდოობას, არ ვიცით, დაზღვეულია თუ არა საქართველოს მოქალაქეების შრომითი უფლებები, მათი შრომითი ინტერესები, მათი დასაქმების შესაძლებლობა, რა ტიპის გარემოსდაცვითი რეგულაციები არსებობს, როგორ უნდა მოხდეს ამ კერძო საკუთრების გასხვისება და ა.შ. უამრავი შეკითხვა არსებობს.
  • მეორე - რატომ არ ჩატარდა საჯაროდ აუქციონი. მაშინ, როდესაც საქართველოში ყველა მნიშვნელოვან პროექტზე ჩატარებულია საჯარო აუქციონი და საჯაროდ არის გაკეთებული შეთავაზება სხვადასხვა კომპანიისთვის, რატომ არ მიეცათ ქართულ კომპანიებს თუნდაც მსგავს მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა? რატომ დაუთმო ივანიშვილმა და კობახიძემ უპირობოდ არაბულ კომპანიას 9 მილიონი კვადრატული მეტრი, საუკეთესო ტერიტორია - თბილისში, კრწანისის ტყე-პარკში, რომელიც მცხეთის ტოლა ტერიტორიაა და ბათუმში, გონიოს ტერიტორია, რომელიც სიღნაღის ზომის ქალაქს წარმოადგენს.
  • მესამე - სად არის ის 1.2 მილიარდი დოლარი, რომელიც ინვესტიციის სახით უნდა იყოს ასახული ან რომელიმე ანგარიშზე ან რაიმე ტიპის თანამონაწილეობის სახით? ეს არის 2/3 რა წილიც მიიღო არაბულმა კომპანიამ. ქართული მხარე, საქართველოს სახელმწიფო აპირებს, 1/3, კომპანიის საკუთრების სახით, ჩადოს მილიარდი დოლარის ღირებულების საუკეთესო ქართული მიწა, მაგრამ სად არის ის 1.2 მილიარდი დოლარი, რომელიც არაბულმა კომპანიამ უნდა ჩადოს? ის არ არსებობს.
  • მეოთხე - როგორ ხდება ისე, რომ არ არსებობს განაშენიანების გეგმა, არანაირი გადაწყვეტილება სამშენებლო ნებართვის შესახებ, გარემოს დაცვის რეგულირების შესაბამისი გადაწყვეტილებები და პარალელურად დაწყებულია გაყიდვები ე.წ. არაბული ქალაქების მშენებლობის პროცესში? აქ შეხება გვაქვს კიდევ ერთ აფიორასთან, სადაც არაბული კომპანია 1.2 მილიარდი დოლარის ჩადების ნაცვლად, წინასწარი გაყიდვებით, ისევ საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეების გავლით, ცდილობს, რომ ეს არარსებული ინვესტიცია აქციოს თავის ბენეფიტად. ეს არის ტყუილი, რაშიც ივანიშვილი და კობახიძე. პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს ამყოფებენ“.

დღეს, 26 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „იგლ ჰილსის“ პროექტთან და უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, ინტერპელაციის წესით, ირაკლი კობახიძე გამოდის. საკანონმდებლო ორგანოს შენობაში უსაფრთხოების ყვითელი დონეა გამოცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ შესვლა ეზღუდებათ ვიზიტორებს, მათ შორის, ონლაინმედიის წარმომადგენლებს. სესიის პარალელურად, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის გამართვაა დაგეგმილი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.