ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 ივნისიდან ევროკავშირში აიკრძალება ოთხი რუსული მედიასაშუალება, რომლებიც „ავრცელებენ და მხარს უჭერენ რუსულ პროპაგანდას“. ესენია „რია ნოვოსტი“, „ევროპის ხმა“, „იზვესტია“ და „როსიისკაია გაზეტა“. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახარივას თქმით, რუსეთს საპასუხო ზომები მზად აქვს და მათ შესახებ მალე გახდება ცნობილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 6 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, აღნიშნული მედიასაშუალებები რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მუდმივი პირდაპირი თუ არაპირდაპირი კონტროლის ქვეშ არიან, მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის მხარდაჭერაში, ასევე, მეზობელი ქვეყნების დეტაბილიზაციაში.
„რუსეთის ფედერაცია ჩართულია მედიისა და ინფორმაციის მანიპულირების, ჩარევისა და ფაქტების მძიმე დამახინჯების სისტემატურ საერთაშორისო კამპანიაში, რათა გაამართლოს და მხარი დაუჭიროს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან აგრესიას და გააძლიეროს მისი მეზობელი ქვეყნების, ევროკავშირისა და მისი წევრების დესტაბილიზაციის სტრატეგია“, - მიიჩნევს ევროკავშირის საბჭო.
ამასთან, საბჭო აღნიშნავს, რომ ძირითად უფლებათა ქარტიის შესაბამისად, აკრძალვა ამ მედიასაშუალებებსა და მათ თანამშრომლებს ხელს არ შეუშლის ევროკავშირში კვლევებისა და ინტერვიუების ჩატარებაში.
მარტის ბოლოს ჩეხეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გამოავლინეს პრორუსული ქსელი, რომელიც ევროპაში საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას ცდილობდა, მათ შორის ევროპარლამენტის არჩევნებში ჩარევის მიზნით. ამ ქსელის ნაწილად დასახელდა პრაღაში ბაზირებული „ევროპის ხმა“ (Voice of Europe), რომელიც რუსეთის ხელისუფლების, ასევე, პრორუსი უკრაინელი პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის და მისი ახლობლის, არტემ მარჩევსკის მიერ ფინანსდება და კონტროლდება. ჩეხეთი მხარს უჭერდა ევროკავშირის სანქციების სიაში „ევროპის ხმის“ შეყვანას.
მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი წამოიწყო, ევროკავშირმა თავის ტერიტორიაზე კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალებების - Russia Today-სა და Sputnik-ის მუშაობა შეაჩერა.
