მოქალაქეები პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებენ. როგორც 21 წლის ლაშა ჟღენტი ჰყვება, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მაშინ მიაყენეს, როდესაც ჩხრეკის მიზნით გააჩერეს. შემთხვევა 20 ივლისს, თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მოხდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
ახალგაზრდა მამაკაცს დაზიანებები კისერზე, მკლავსა და ხელის მტევნებზე აღენიშნება.
„არ მითხრეს, თუ რატომ, რის გამო გამაჩერეს. ვინ იყვნენ, ესეც არ მითხრეს. დაიწყეს ზედაპირული შემოწმება და ზედმეტები გააკეთეს, „ტრუსიკიც“ გამოწიეს და ჩამხედეს. ვუთხარი, რომ ხელი გაეწიათ. გაღიზიანდნენ. თურმე, სიტყვები „ხელის გაწევა“ პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენებაა და პოლიციას ეგრე არ უნდა ვესაუბრო. ყვირილი დაიწყეს და ჩამტენეს მანქანაში. ერთი კისერზე მიჭერდა და მგუდავდა, წინააღმდეგობა როგორ უნდა გამეწია?! შიგნით მანქანაშიც მგუდავდნენ. თავში მირტყეს. როცა მანქანაში ჩამსვეს, ბორკილები დამადეს რომ არ გავნძრეულიყავი, ორ კაცს უკან ვეჭირე და ერთი მირტყამდა. თავიდან იმ ორმა, ვინც ჩვენთან შემოწმებაზე მოვიდნენ, შეურაცხყოფა მომაყენეს და მანქანაში ერთ-ერთმა მცემა. ერთი საჭესთან იჯდა და მეორე მირტყამდა. გინებითაც მაგინეს“, - ამბობს ლაშა ჟღენტი ჟურნალისტებთან.
მომხდარს დაზარალებულის ძმა, მეგობარი და ბებიაც შეესწრნენ. ლუკა ჟღენტი ამბობს, რომ პოლიციელებმა არ უთხრეს, სად მიჰყავდათ მისი ძმა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ახალგაზრდა მამაკაცი ადმინისტრაციული წესით, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით იყო დაკავებული.
ლაშა ჟღენტის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებიდან რამდენიმე საათში გაიმართა. ადვოკატ კახაბერ ჩუბინიძის თქმით, პროცესი მათი შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო.
„სასამართლომ გონივრული ვადა მოგვცა იმისთვის, რომ მტკიცებულებები წარვადგინოთ. მიგვაჩნია, რომ დაკავების დროს პოლიციელებმა თავიანთ უფლებამოსილებებს გადაამეტეს და ლაშას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მას ოთხი საათი ვეძებდით, რადგან პოლიცია ადგილსამყოფელს გვიმალავდა“, - განაცხადა ჩუბინიძემ.
ადვოკატის თქმით, მომხდართან დაკავშირებით შსს-ს გენერალურ ინსპექციას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართეს.
