2024 წელს საქართველოში 1 668 280 ათასი ლიტრი 2 781 481 558 ლარის ღირებულების ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა, რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (1 541 612 ათასი ლიტრი) 8.2%-ით აღემატება. ამის შესახებ ნათქვამია საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზრის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშში, რომელიც დღეს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ გამოაქვეყნა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 3 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 4 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
- 5 1920 წელს რუსეთის არმია შემოიჭრა და აზერბაიჯანი დაიპყრო, სახელმწიფო წაგვართვეს – ალიევი
- 6 სომხეთში რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
გასულ წელს, საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან - 54%, რომელსაც მოყვება ბულგარეთი - 16.7% და რუმინეთი - 14.7%.
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მონაცემების მიხედვით, რუსეთიდან საწვავის იმპორტი შემცირებულია - 2023 წელს ამ ქვეყნიდან საწვავის 62.5%-ის იმპორტი განხორციელდა - და გაზრდილია ევროპული საწვავის წილი.
2024 წელს, საწვავი 47-მა ეკონომიკურმა აგენტმა შემოიტანა. ანგარიშის მიხდვით, 3 ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ეკონომიკური აგენტის წილმა საერთო იმპორტში შეადგინა 44%, 5 იმპორტიორის - 62%.
„ბაზრის იმპორტის დონეზე დომინანტი ეკონომიკური აგენტი არ ფიქსირდება. ასევე, ადგილი არ აქვს ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელ ერთ-ერთ კომპონენტს საბაზროს წილების სახით“, - აცხადებენ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში.
რაც შეეხება ბაზრის საცალო დონეს, გასულ წელს, 1238 ავტოგასამართი სადგურის ოპერირებას 383 კომპანია ახორციელებდა. 5 მსხვილი კომპანიის წილი შეადგენდა 67.1%-ს (500 ავტოგასამართი სადგური).
ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის იანვარი-თებერვლის პერიოდი ფასების შემცირების ტრენდით ხასიათდებოდა. მარტი-ივნისის პერიოდში, მსხვილი კომპანიების მიერ იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება, იანვარი-თებერვლის პერიოდთან შედარებით გაიზარდა და შესაბამისად, გაიზარდა საცალო ფასებიც. ანგარიშში ნათქვამია, რომ ივლისი-სექტემბრის პერიოდში მსხვილი კომპანიების მიერ იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება შემცირდა, ხოლო საცალო ფასების შემცირება მოხდა 23 სექტემბრიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში. სააგენტოს პოზიციით, ეს შესაძლებელია განხილულ იქნეს როგორც დაგვიანებული ასახვა.
