თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში რჩება 16 წლის გოგონა, რომელიც გუშინ, დედოფლისწყაროს ახლად აშენებულ ცენტრალურ პარკში, ხელოვნურ ტბაში შეუძლოდ გახდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 3 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 4 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
ადგილობრივების ინფორმაციით, გოგონა სხვა მოზარდებთან ერთად ხელოვნურ ტბაში ბანაობდა, როდესაც ცუდად გახდა. ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო სამედიციონო დახმარების ეკიპაჟმა ის ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
კლინიკის ხელმძღვანელმა ხათუნა აგლაძემ „საქართველოს ამბებს“ უთხრა, რომ მათთან მიყვანის დროს გოგონა უგონო მდგომარეობაში იყო და გულის მუშაობა 40 წუთში აღუდგინეს, რის შემდეგაც კატასტროფის ბრიგადამ კომატოზურ მდგომარეობაში თბილისში გადაიყვანა. შეკითხვაზე, რამ გამოიწვია კომატოზური მდგომარეობა, ექიმმა განაცხადა, რომ „დახრჩობამ“.
დედოფლისწყაროს ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია, რომელიც 14 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში 2023 წლიდან მიმდინარეობდა. პროექტს შპს „რებილდი“ ახორციელებდა. კომპანიაში ამბობენ, რომ სამუშაოები 25 ივლისს დაასრულეს, თუმცა მუნიციპალური განვითარების ფონდს ჯერ არ ჩაუბარებია. იგივეს აცხადებენ შპს „სამეცნიერო-საპროექტო ტექნოლოგიური საწარმო ინდუსტრიაში“, რომელსაც სამუშაოებზე ზედამხედველობა ევალებოდა.
ცენტრალურ პარკში ერთ ჰექტარ ტერიტორიაზე გაკეთებულ ხელოვნური ტბა დეკორატიული დანიშნულებისაა, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, იქ ხშირად ბანაობდნენ. ვინ იყო პასუხისმგებელი პარკში უსაფრთხოების დაცვაზე, უცნობია. დედოფლისწყაროს მერიაში თავს არიდებენ მომხდართან დაკავშირებით ყოველგვარი კომენტარის გაკეთებას.
პოლიცია გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
