1,2 მილიონზე მეტი ქეშად სეიფში - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ქონებრივი დეკლარაცია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ქონებრივი დეკლარაცია წარადგინა, საიდანაც ირკვევა, რომ ოჯახი სოლიდურ დანაზოგს - ჯამში 1 242 900 ლარს, საბანკო ანგარიშების ნაცვლად, ინდივიდუალურ საბანკო სეიფებში, ნაღდი ფულის სახით ინახავს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

დეკლარაციის თანახმად, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის, დავით ვეშაპიძის ფინანსურ მდგომარეობას ასახავს, თანხა გადანაწილებულია შემდეგნაირად: ნათია თურნავა საბანკო სეიფში ინახავს 321 000 აშშ დოლარსა და 35 000 ევროს; დავით ვეშაპიძე საბანკო სეიფში ინახავს 105 000 აშშ დოლარსა და 10 000 ლარს. 2026 წლის 29 ივნისის კურსით, აღნიშნული თანხების ჯამი 1 242 900 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალური სეიფით სარგებლობა ფასიანი მომსახურებაა და მოითხოვს ყოველთვიურ ან წლიურ იჯარის საფასურს, თუმცა დეკლარაციაში მითითებული არ არის, კონკრეტულად რომელი ბანკის სეიფებს იყენებს ოჯახი.

2025 წელს ნათია თურნავამ ეროვნულ ბანკში დაკავებულ თანამდებობაზე ხელფასის სახით 392 689.66 ლარი მიიღო, რაც თვეში საშუალოდ 32 724 ლარს შეადგენს. მისმა მეუღლემ, რომელიც სს „რუსთავის აზოტის“ მრჩეველია, წლიური ანაზღაურების სახით 56 521 ლარი აიღო.

ოჯახის 2025 წლის გასავლები მნიშვნელოვანი იყო: მშენებლობა-რემონტში ჯამში 220 000 ლარი (თურნავა – 130 000 ლარი, ვეშაპიძე – 90 000 ლარი) დახარჯეს. შვილს გადაურიცხეს 120 000 ლარი; ახლო ნათესავებისთვის მკურნალობასა და დახმარებაზე 60 000 ლარი გაიღეს; ქველმოქმედებისთვის 50 000 ლარი; მოგზაურობაზე 25 500 ლარი და სამედიცინო მომსახურებაზე 17 500 ლარი.

სოლიდური ნაღდი დანაზოგის პარალელურად, დეკლარაცია ასახავს ნათია თურნავას მიერ „ბანკი ქართუდან“ აღებულ მსხვილ იპოთეკურ სესხებს. 2025 წელს აღებული ვალდებულებების ჯამური მოცულობა (94 000 USD, 67 400 USD, 267 100 EUR და 122 000 EUR) 2026 წლის 29 ივნისის კურსით 1 601 283 ლარს შეადგენს.

ნათია თურნავას საკუთრებაშია უძრავი ქონება თბილისში (ი. ჭავჭავაძის გამზირი), ბათუმში (კობალაძის ქუჩა), მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში, ასევე მიწის ნაკვეთი, სახლი და ავტოფარეხი ბაკურიანში. დავით ვეშაპიძის სახელზეა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები საჩხერესა და ლაგოდეხში და უძრავი ქონება თბილისში, ზემო ვაკეში. 2025 წლის 8 ივლისს ვეშაპიძემ აუქციონზე 54 000 აშშ დოლარად შეიძინა LEXUS. გარდა ამისა, ვეშაპიძეს „საქართველოს ბანკში“ ანაბარზე 40 000 ევრო აქვს განთავსებული.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.