თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იზა კელენჯერიძემ „რამზეს იახტების“ დამფუძნებელს გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მის ბიზნესპარტნიორს, ირაკლი პაპიაშვილს 8 წლით. ჩიკვაიძე 11 მარტიდან პატიმრობაშია, ირაკლი პაპიაშვილი კი სხდომის დარბაზში დააკავეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
- 6 გაჩხრიკეს ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის და კიდევ რამდენიმე აქტივისტის სახლები
გიორგი ჩიკვაიძე, ერთ დროს, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირი და მისი აქტიური მხარდამჭერი იყო. იგი საქართველოში წარმატებით ეწეოდა იახტების ბიზნესს. მისი თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობა მას შემდეგ გაუფუჭდა, როდესაც უარი თქვა ანტისახელმწიფოებრივი დავალების შესრულებაზე. საქმე ეხებოდა დასავლეთის მიერ სანქცირებული, პუტინის რეჟიმის ერთ-ერთი ხელშემწყობი ოლიგარქის - ოლეგ დერიპასკას იახტის თურქეთიდან, საქართველოს დროშით და ბათუმის საზღვაო ზოლის გავლით, რუსეთში გადაყვანას.
გიორგი ჩიკვაიძე ბიძინა ივანიშვილს და მის რეჟიმს კიდევ ერთ უცნაურ და სკანდალურ ისტორიაში ამხელს. მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ, მან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დავალებით, იახტა შეიძინა მონტენეგროში მცხოვრები რუსეთის სპეცსამსახურების ოფიცრისა და მისი მეუღლისათვის, რომელთანაც, ჩიკვაიძის თქმით, ივანიშვილს მჭიდრო ურთიერთობა აქვს. ჩიკვაიძის თქმით, მან სუსისვე დავალებით, ჩერნოგორიაში ზემოაღნიშნულ წყვილს რაღაც შამანურ-მაგიური თუ სხვა მსგავსი რიტუალებისთვის გამოსაყენებელი ნივთიერება ჩაუტანა, რაც საქართველოს საზღვრის კვეთის დადგენილი წესისა და საბაჟო პროცედურის დარღვევით მოხდა.
პროკურატურა გიორგი ჩიკვაიძესა და ირაკლი პაპიაშვილს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ედავებოდა.
პროკურატურამ გამოძიება კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.
ჩიკვაიძეს და პაპიაშვილს შპს „ელთ ბილდინგისთვის“ იტალიური წარმოების „Azimut Atlantis 45 2023“ მოდელის იახტა უნდა ჩამოეყვანათ, რაშიც „ელთ ბილდინგმა“ მათ 416,700 ევრო გადაუხადა. იახტის მიწოდების საბოლოო თარიღად 2023 წლის 31 აგვისტო განისაზღვრა. ჩიკვაიძის მიერ დასახელებული გარკვეული გარემოებების გამო - ზღვაზე შტორმი, დამზადებული იახტის ძრავის მწყობრიდან გამოსვლა, მისი შეცვლის შეუძლებლობა და სხვა, შპს „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმამ“ მყიდველს იახტა დადგენილ დროში ვერ მიაწოდა. მხარეებმა ხელშეკრულებაში რამდენჯერმე შეიტანეს ცვლილება და იახტის მიწოდების ბოლო ვადად 2024 წლის 15 იანვარი განსაზღვრეს. გიორგი ჩიკვაიძის განცხადებით, ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში, მან და ირაკლი პაპიაშვილმა გადაწყვიტეს „ელთ ბილდინგისთვის“ იახტის გადახდილი საფასური დაებრუნებინათ. ამ მიზნით, 2023 წლის დეკემბერში, ირაკლი პაპიაშვილის ანგარიშიდან „ელთ ბილდინგის“ ანგარიშზე ჩაირიცხა 50 000 ევრო. გიორგი ჩიკვაიძის თქმით, ვალი გადახდილი იქნებოდა სრულად, რომ არა მისი და ირაკლი პაპიაშვილის მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა, რაც, მისი შეფასებით, წარმოადგენდა პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.
გიორგი ჩიკვაიძის თქმით, „ელთ ბილდინგის“ დამფუძნებელი და მესაკუთრე ელგუჯა თურმანიძე დაემუქრა, რომ მისი ნათესავი ვლადიმერ თურმანიძე აჭარის პროკურატურის ერთ-ერთი წამყვანი თანამდებობის პირი იყო და მას გაანადგურებდა, რადგან ამ სამოქალაქო ტიპის საქმეს „ლამაზად გადაიტანდა სისხლის სამართალში“.
ვლადიმერ თურმანიძე „ქართული ოცნების“ მიერ უკანონოდ დაპატიმრებული „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის საქმის პროკურორიც იყო. ამაღლობელის საქმის გამო პროკურორი თურმანიძე სანქცირებულია ესტონეთისა და ლიეტუვის მიერ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, რომელმაც გიორგი ჩიკვაიძის სისხლის სამართლის საქმე შეისწავლა, საქმე არსებითად სამოქალაქო ხასიათისაა და მისი პასუხისმგებლობის საკითხი სამოქალაქო დავის ფარგლებში უნდა განხილულიყო.
„გიორგი ჩიკვაიძის და მისი ბიზნესპარტნიორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მექანიზმების ამოქმედება წარმოადგენს ამ მექანიზმებისა და მთლიანად სამართალდამცავი/მართლმსაჯულების სისტემის ბოროტად გამოყენებას. სისხლის სამართლის პროცესის ბოროტად გამოყენების მოტივი, დიდი ალბათობით, ორგვარია: ერთი მხრივ, იკვეთება გიორგი ჩიკვაიძის მოწინააღმდეგე მხარის კორუფციულ-ნეპოტისტური ინტერესები, ხოლო, მეორე მხრივ, ივანიშვილის რეჟიმის ინტერესი, რომ ანგარიში გაუსწოროს ერთ დროს მის მხარდამჭერ ბიზნესმენს, რომელმაც გაბედა და ჯერ ანტისახელმწიფოებრივი დავალების შესრულებაზე თქვა უარი, ხოლო შემდეგ ამის შესახებ საჯაროდ დაიწყო ლაპარაკი“, - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“.
